პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია.
ცენტრალური ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ფონდით, რომლითაც გიორგი მარგველაშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც სარგებლობდნენ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვეღარ ისარგებლებს.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა განცხადა, რომ ის კერძო შენატანებზე დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების ინიციატივით გამოდის და მზადაა, ყოველთვიურად საკუთარი ხელფასი სრულად ამ ფონდში გადარიცხოს.
"ვინაიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე გაუქმდა, მე გადავწყვიტე, მოვნახო ფორმები ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის. მე მგონი, ეს აუცილებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების - ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი ჩემი ეგიდით და საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით. სადაც პირველ რიგში, მე და იმედი მაქვს, სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. რამეთუ მე ვიღებ საფრანგეთიდან ჩემს დაგროვილ პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც ერთად გადავწყვეტთ, რომ არის მნიშვნელოვანი ქველმოქმედების ან რამე ინიციატივების მხრივ,"- ამბობს ზურაბიშვილი.
2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი - 0 ლარით, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი, 50 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.