მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"5 წელია, ფასი არ შეცვლილა, რაც გარემოს ადეკვატური არ არის" - გაიზრდება თუ არა ტექინსპექტირების ფასი 2024 წლიდან?

შიოლაშვილი

ტექინსპექტირების ფასი ბოლო 5 წელია არ შეცვლილა, რაც სექტორიდან დასაქმებულების გადინებას იწვევს. ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.

BM.GE-სთან საუბრისას იორდანიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე ინსპექტირების ღირებულების გადახედვასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ ყოფილა. მისივე თქმით, არსებული ფასის გამო დამსაქმებლები დასაქმებულებს შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას ვერ უხდიან.

ინსპექტირების ღირებულების განსაზღვრა სრულად მთავრობის პრეროგატივაა და არანაირი წინსვლა არ არის ამ მიმართულებით, როგორ იყო სავარაუდოდ მომავალ წელსაც ეგრე დარჩება. ეს იწვევს სექტორიდან კადრების მასობრივ გადინებას. 5 წელია, საფასური არ შეცვლილა, რაც ნამდვილად არ არის გარემოს ადეკვატური. ვერ მივყვებით ცხოვრების რიტმს, რომ პერსონალს ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. ისევ 60 ლარია მსუბუქ ავტომობილებზე. ეს ცხადია იწვევს კადრების გადინებას.

ამ დრომდე ასოციაციასთან ფასების გადახედვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ ჰქონიათ" - განაცხადა იორდანიშვილმა.

იორდანიშვილის თქმით, ჯარიმების ზრდამ და აღსრულების გამკაცრებამ 2023 წელს ცენტრებში მიმართვიანობა გაზარდა.

,, წელს ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. ეს გამოიწვია, ჯარიმების ზრდამ და ასევე, გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა გაამკაცრა გზებზე კონტროლი. ამან იმოქმედა და თუ გასულ წელს თუ 800 000 ავტომობილი იყო, წელს 20%-იანი ზრდაა. ვერავინ გეტყვით, ეს ქვეყანაში გზებზე მოძრავი ავტომობილების რამდენი პროცენტია. რეგისტრირებული კი, საქართველოში 1.6 მლნ ავტომობილია და აქედან მხოლოდ საშუალოდ 900 000 ინსპექტირებული ავტომობილი აბსოლუტური დისონანსია" - თქვა იორდანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი ხორციელდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები