დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის ამოღების შესახებ გაავრცელა განცხადება. უწყების თანახმად, აზერბაიჯანიდან საქართველოში 250 კილოგრამით დატვირთული სატვირთო შემოვიდა, რომელიც სარფის საბაჟოსკენ მიემართებოდა. დოკუმენტაციის თანახმად, სატვირთო სველი ხელსახოცებით იყო დატვირთული.
23 ოქტომბერი - 250 კილოგრამი ჰეროინის ამოღება - ღირებულება შავ ბაზარზე 80 მილიონი ლარი
„სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრეფიკის კიდევ ერთი ფაქტი. სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, სველი ხელსახოცებით იყო დატვირთული, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის – ‘წითელი ხიდის’ გავლით შემოვიდა,“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
ეს 2025 წლის მაისში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, გელა გელაძის დანიშვნის შემდეგ უკვე მესამე საერთაშორისო ნარკოტიკული ტრანზიტის ფაქტის გამოვლენაა. საერთო ჯამში ამოღებული ჰეროინის მოცულობა 748 კილოგრამი, შავ ბაზარზე ღირებულება კი 215 მილიონი ლარია.
27 სექტემბერი - 200 კილოგრამი ჰეროინის ამოღება - ღირებულება შავ ბაზარზე 50 მილიონი ლარი
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული მ.ბ. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო „თევზის საკვებით“, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ იყო მოთავსებული. მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,წითელი ხიდიდან" შემოვიდა,"- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
18 ივნისი - 298 კილოგრამი ჰეროინის ამოღება - ღირებულება შავ ბაზარზე 85 მილიონი ლარი
„სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც, საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო. სამართალდამცველებმა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს. კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი,"- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.




























