5 წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების მხოლოდ 43% შესრულდა - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.
მექვაბიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხუთწლიანი მუშაობის პერიოდი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში აუდიტმა საჯარო უწყებებში 2800-ზე მეტი დარღვევა აღმოაჩინა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. რეკომენდაციების 43% სრულად შესრულდა, 17% - ნაწილობრივ, ხოლო რეკომენდაციების 31%-ს მიმდინარე სტატუსი აქვს.
„რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 43%-ია, რაც მაღალი ნამდვილად არ არის. აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების პრობლემა ძირითადად საჯარო ფინანსების, ბიუჯეტის შესრულების და შესყიდვების მართვის კუთხითაა. ბუნებრივია, ეს ის საკითხებია, რაზეც მეტი მუშაობაა საჭიროა. ამ მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დაეხმარება აუდიტის სამსახურს, მთავრობასა და პარლამენტს ელექტრონულ სივრცეში განახორციელოს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი როგორც ცენტრალური აპარატის, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე. ამ პროგრამის წარმატებით დანერგვა რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს. არის რეკომენდაციები, რომელიც სრულდება, არის რეკომენდაციები, რომელიც ვერ სრულდება ან არ სრულდება, ასევე არის რეკომენდაციები, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები“, - აცხადებს მექვაბიშვილი.
გენერალურმა აუდიტორმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში, სახელმწიფო აუდიტმა სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის გამო, გენერალურ პროკურატურაში გამოსაძიებლად 30-მდე საქმე გააგზავნა.
„ბოლო პერიოდში ჩვენ 270 აუდიტი გვაქვს ჩატარებული. ბოლო წელს ჩავატარეთ 50 აუდიტი. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, თქვენ იცით, რომ ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და მასალებს ვაგზავნით პროკურატურაში. ბოლო 5 წლის გამავლობაში გაგზავნილი გვაქვს 130 კონკრეტული საქმე საგამოძიებო უწყებაში. მათ შორის, ბოლო წლინახევრის განმავლობაში გაგზავნილია 30-მდე საქმე. უკუკავშირი ბუნებრივია, გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა.
ცნობისთვის, SAI-PMF-ის ინდიკატორებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროფესიული და ორგანიზებული განვითარების მიმართულებით, უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო და მაქსიმალური 4 ქულიდან 3,5 ქულით შეფასდა.