"საქართველო უდიდეს ბიზნესპოტენციალს სთავაზობს მათ, ვინც ახალ საინვესტიციო მიმართულებებს ეძებს“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.
"ევროკავშირთან უფრო მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებასთან ერთად, მალე გავხდებით პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ექნება. ჩვენ ვასრულებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანია. შემოსავლების მაქსიმალურად გაზრდისთვის, მხოლოდ ბიზნესისთვის მოსახერხებელ გარემოსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების წყალობით გაფართოებულ ბაზარზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. ამდენად, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობა და მნიშვნელოვან ბაზრებთან სიახლოვე. საქართველოს ისტორიულად ჰქონდა მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული როლი სამხრეთ კავკასიაში. იგი ახლაც აგრძელებს ამ ფუნქციის შესრულებას. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი ყველაზე კონკურენტუნარიანი გზაა. მომავალში, საქართველო გახდება ამ რეგიონის ვაჭრობისა და კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი მარშრუტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა.
"კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოების თურქეთთან და ევროპასთან დამაკავშირებელი მილები საქართველოზე გადის. იგივე შეიძლება ითქვას ახალ საგზაო და სარკინიგზო ქსელზე - ეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ ცენტრად აქცევს. ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აძლიერებს საქართველოს როლს აბრეშუმის გზაზე. საბოლოო ჯამში, საქართველო რეგიონალურ ცენტრად ყალიბდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბიზნესსექტორებზე - ტურიზმისა და სასტუმრო სფეროებზე. მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლების მანძილზე, საქართველოს საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა, უკანასკნელი წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა - 2007 წლიდან საერთაშორისო მოგზაურთა საშუალო წლიური მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 23%-ით იზრდებოდა.
"2015 წელს საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5,9 მილიონს შეადგენდა, რაც საქართველოს 3,7 მილიონიან მოსახლეობას აჭარბებს. არ არსებობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და საქართველოს გააჩნია სასტუმრო და დასვენების ადგილების განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, მათ შორის საზღვაო კურორტები, ჯანმრთელობისა და სპა-ლოკაციები და ზამთრის სათხილამურო და წლის ყველა სეზონისთვის შესაფერისი კურორტები. ტურიზმის სექტორის განვითარება ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსთანაცაა დაკავშირებული. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველო, 2015-2016 წლების მონაცემებით, მე-16 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა და სულ რაღაც 5 პუნქტით ჩამოუვარდებოდა შვეიცარიას, რომელიც მე-11 ადგილს იკავებს. მომავალი 5 წლის მანძილზე, მოსალოდნელია საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის 8-10%-ით ზრდა. ეს გაზრდის მოთხოვნას ინფრასტრუქტურაზე და მოახდენს ინვესტიციების სტიმულირებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

























