მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 ყველაზე ძვირად ღირებული მობილური აპლიკაცია IOS-ზე

აპლიკაცია

2008 წელს, როდესაც Apple-მა ახალი iPhone წარადგინა, აპლიკაციების ვირტუალურ მაღაზიაში ახალი პლატფორმა გაჩნდა - I am Rich - მე მდიდარი ვარ. აპლიკაცია $999.99 ღირდა და გერმანელ დეველოპერ, არმინ ჰეინრიხს ეკუთვნოდა. მას არავითარი ფუნქცია არ ჰქონია, გარდა ერთისა - აპლიკაციაში მანათობელი ძვირფასი ქვა იყო გამოსახული, რომელზე შეხების შემდეგაც ეკრანზე დიდი ტექსტით მანტრა ისახებოდა: - "მე მდიდარი ვარ, მე ამას ვიმსახურებ, მე ვარ კარგი, ჯანმრთელი და წარმატებული".

აპლიკაციას დიდი გამოხმაურება და კიდევ უფრო დიდი კრიტიკა მოჰყვა. 8 გადმოწერის შემდეგ, 24 საათზე ნაკლებ დროში ის App Store-დან წაიშალა.

მას შემდეგ I am Rich-ის არაერთი ანალოგი შეიქმნა და სხვადასხვა პლატფორმაზე 10, 200 თუ 500 დოლარად შეფასდა, თუმცა არც ერთ მათგანს განსაკუთრებული ხმაური არ მოჰყოლია.

მიდგომა Apple-მაც შეცვალა. თუ მაშინ აპლიკაციის მაქსიმალურ ფასად $1000 დოლარი იყო განსაზღვრული, დღეს პლატფორმაზე $10 000 დოლარიანი პროდუქტის განთავსებაც შეიძლება, თუმცა ყველაზე ძვირად ღირებული აპლიკაციები მნიშვნელოვან ფუნქციებსაც აერთიანებენ.

მაგალითად, CyberTuner ფორტეპიანოს აწყობის პროფესიონალური ხელსაწყოა, რომელიც iOS-ის ყველაზე ძვირად ღირებული აპლიკაციების სიებში მუდმივად პირველ ადგილებს იკავებს. მობილურში მის გადმოწერას $999.99-ად შეძლებთ, რასაც ემატება არასავალდებულო წლიური გამოწერა, მხარდაჭერისა და განახლებების მისაღებად. აპლიკაცია სპეციალურად კვალიფიციური ტექნიკოსებისთვისაა შექმნილი და არა მოყვარულებისთვის. ის მოიცავს აწყობის გაუმჯობესებულ რეჟიმებს, ბგერითი დიაპაზონის კორექტირების ინსტრუმენტებსა და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს ფორტეპიანოს სწრაფი და საიმედო აწყობისთვის.

კიდევ ერთი ძვირად ღირებული აპლიკაცია DDS GP-ია, რომელიც ამჟამად უფასოდაა ხელმისაწვდომი, თუმცა მაღალი საწევრო გადასახადი აქვს. პლატფორმის წლიური გამოწერა $599 დოლარი ღირს, უვადო წევრობა კი $1999.99 დოლარს აღწევს. აპლიკაცია ფოკუსირებულია სტომატოლოგიური კლინიკების პაციენტთა განათლებაზე, უშუალოდ ვიზიტის დროს - ანიმაციებისა და ვიზუალური მასალის გამოყენებით, ის მარტივად ხსნის ისეთ პროცედურებს, როგორიცაა დაბჟენა, გვირგვინები, იმპლანტები და სხვა მკურნალობა. ეს ვიზუალური განმარტებები ეხმარებათ სტომატოლოგებს, უკეთ გააგებინონ პაციენტებს მკურნალობის არსი და დაარწმუნონ ისინი პროცედურის ჩატარებაში, რაც პირდაპირ აისახება შემოსავალსა და მკურნალობის შედეგებზე.

Classic TC WordPower კომუნიკაციის აპლიკაციაა, რომელიც ხშირად მოიხსენიება დამხმარე ტექნოლოგიის ძვირად ღირებულ ალტერნატივად. აპლიკაცია, $299 დოლარი ღირს და ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც მხოლოდ მეტყველებით კომუნიკაცია არ შეუძლიათ, მაგალითად, აუტიზმის, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის ან სხვა მდგომარეობების დროს, და ასევე მათთან მომუშავე კლინიცისტებისთვის. აპლიკაცია უზრუნველყოფს სიმბოლოებზე დაფუძნებულ ლექსიკონებსა და ტექსტის გახმოვანების ფუნქციას, რომელიც შეიძლება მორგებული იყოს მომხმარებლის საჭიროებებსა და რუტინაზე.

VIP Black კიდევ ერთი ძვირად ღირებული აპლიკაციაა, რომელიც თავისი შინაარსით ყველაზე მეტად ჰგავს 17 წლის წინ გამოსულ I am Rich-ს. ამერიკის რეგიონში მისი ფასი $999.99-ია და ის პოზიციონირებს, როგორც "ლუქს“ ცხოვრების სტილის "აპლიკაცია, მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის, რომლებიც დიდ თანხებს ხარჯავენ სასტუმროებში, რესტორნებსა და გართობაში. აპლიკაციის მიზანია დააკავშიროს ისინი შერჩეულ შეღავათებთან და კონსიერჟის ტიპის მომსახურებასთან. ეს აპლიკაციაა მაგალითი იმისა, როცა ფასს განსაზღვრავს ექსკლუზიურობა და წევრობის სტატუსი და არა მისი ტექნიკური სირთულე.

გოლფი რომ ძვირად ღირებული ჰობია, ეს სიახლე არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ღირებულება მასთან დაკავშირებულ აპლიკაციებზეც აისახება. Shot Tracer გოლფის ვიდეოანალიზის პროფესიონალური აპლიკაციაა, რომელიც სპეციალურად ღონისძიებებისა და ტურნირებისთვის არის შექმნილი. აპლიკაცია ავტომატურად განსაზღვრავს თითოეული დარტყმის ტრაექტორიას, მის უმაღლეს წერტილს და განვლილ მანძილს, რაც თითოეული გასროლის ვიზუალური ანალიზის საშუალებას იძლევა. ის იდეალური გადაწყვეტაა მწვრთნელებისთვის, გოლფ კლუბებისა და სატურნირო გარემოსთვის. სწორედ ამიტომ, ამ აპლიკაციის გადმოწერა $999.99 დოლარადაა შესაძლებელი.

შესაბამისად, ზოგიერთი აპლიკაცია App Store-ის ძვირად ღირებულ სეგმენტს განეკუთვნება, რადგან ისინი ვიწრო სპეციალიზაციის პროფესიებისთვის არის შექმნილი. მართალია, პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა მცირეა, მაგრამ თითოეული მათგანი აპლიკაციას ყოველდღიურად იყენებს ანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად, რაც ამ ინვესტიციას ამართლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები