მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 ყველაზე წარმატებული პროდუქტი ბიზნესის ისტორიაში

iphone

თანამედროვე ბიზნესის ისტორიაში ისეთი პროდუქტების მცირე რაოდენობა არსებობს, რომლებმაც არა განსაზღვრეს მხოლოდ მომხმარებელთა ქცევა, არამედ სრულად გარდაქმნეს ინდუსტრიები და კულტურული ნორმები. იმის გაგება, თუ რა აქცევს პროდუქტებს განსაკუთრებულად წარმატებულად, საშუალებას გვაძლევს ინოვაციის, მარკეტინგის, ფსიქოლოგიისა და დროის ფაქტორების ურთიერთქმედება შევისწავლოთ. მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, როგორ შეუძლია კარგად დაგეგმილ იდეას, გადააჭარბოს მის ფუნქციურ დანიშნულებას და გლობალურ ფენომენად იქცეს.

ყველაზე წარმატებული პროდუქტების შესწავლა მხოლოდ კომერციული გამარჯვებების განხილვა არ არის, არამედ ადამიანურ საჭიროებებს, ტექნოლოგიასა და საბაზრო ტენდენციებს შორის ურთიერთადამოკიდებულების ანალიზიც.

iPhone - 2007

2007 წელს Apple-მა სრული რევოლუცია შეიტანა მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში და გამოუშვა iPhone, რომლის დებიუტსაც დამანგრეველი წარმატება მოჰყვა. საფუძველი ჩაეყარა იმპერიას, რომელსაც დღეს გლობალური ბაზრის წილის თითქმის მეოთხედი უჭირავს, მხოლოდ აშშ-ში კი 50%-ზე მეტი. დღეს “აიფონს” გლობალურად 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, თუმცა, რამ განაპირობა პროდუქტის ასეთი წარმატება?

იმ დროს პოპულარული სმარტფონები კლავიატურებსა და სტაილუსებს იყენებდნენ, აიფონის სენსორული ეკრანი კი, დახვეწილთან ერთად, უფრო მარტივი გამოსაყენებელიც იყო, ვიდრე ტრადიციული, ღილაკებიანი მოდელები. სწორედ ამან განაპირობა ახალი სმარტფონის ვირუსული გავრცელება. თუმცა სენსორული ეკრანი iPhone-ის ერთადერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია არ იყო. სინამდვილეში, ეს მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. iPhone-მა ერთ მოწყობილობაში გააერთიანა ტელეფონი, კამერა, მუსიკალური პლეერი და ინტერნეტზე წვდომა - და ეს ყველაფერი, იმაზე კარგად, ვიდრე სხვა ბრენდებმა. “აიფონებს” ისიც გამოარჩევდათ, რომ Apple ბაზარზე საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით, IOS სისტემით შემოვიდა.

აიფონის ისტორიიდან ბიზნესებისთვის მთავარი გაკვეთილი ერთია: ადამიანებს სიმარტივე უყვართ. თუ თქვენი პროდუქტი წყვეტს არსებულ პრობლემას და მომხმარებლების ცხოვრების გამარტივება შეუძლია, ან არსებულ გამოწვევას უფრო მოსახერხებელი და სწრაფი გზით ებრძვის, თქვენი ბიზნესი სწორი გზით ვითარდება.

რუბიკის კუბი - 1975

რუბიკის კუბის ხანგრძლივი და უწყვეტი წარმატება სათავეს კომუნისტური უნგრეთიდან იღებს. ერნო რუბიკმა საკულტო თავსატეხი 1975 წელს შექმნა და 1980 წლიდან გლობალურ ასპარეზზეც გაიტანა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი გამოგონება ასეთი პოპულარული გახდებოდა.

გლობალურ ბაზარზე გასვლიდან ორი წლის თავზე რუბიკის კუბის უკვე 100 მილიონი ერთეული იყო გაყიდული, ჩამოყალიბდა ქვებაზარი, რომელიც რუბიკის კუბთან დაკავშირებულ წიგნებს და ინსტრუქციებს აერთიანებდა.

პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე გაყიდვადმა სათამაშომ წარმატება თავისი უნიკალურობით მოიპოვა - მსგავსი თავსატეხი იმ დრომდე არავის ენახა. როცა ბაზარი სავსე იყო თოჯინებით, სათამაშო სატვირთოებითა და პლასტმასის კუბიკებით, ერნო რუბიკმა შექმნა პაზლი, რომლის მთავარი ფუნქციაც და იდუმალებაც მის ამოხსნაში იყო. თავად უნგრელი გამომგონებელი მიიჩნევს, რომ რუბიკის კუბის წარამატება განაპირობა ადამიანის ბუნებრივმა მოთხოვნილებამ - ქაოსისგან წესრიგი შექმნას. მეორე ვერსიით კი სათამაშოს ხიბლი მის მაცდურობაშია: კუბი სიფერადითა და, ერთი შეხედვით მარტივი დავალებით გიზიდავს, ვიდრე მის ამოხსნას არ ცდი. დამწყები სტარტაპებისთვის ერნო რუბიკის ისტორია კარგი მაგალითია იმისთვის, რომ შექმნან პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლისთვის ღირებულება ექნება, თუნდაც, მხოლოდ სატრაბახოდ.

Lipitor - 1986

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი, $140 მილიარდიანი მაჩვენებლით, სისხლში მავნე ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატი, ლიპიტორია. ეს მედიკამენტი მაშინ შექიმნა, როცა სამედიცინო ასპარეზზე უკვე არსებობდა ანალოგიური დანიშნულების არაერთი პოპულარული პროდუქტი, თუმცა Pfizer-ის ამ გამოგონებამ თავისი ეფექტურობით ყველა კონკურენტი დაჩრდილა. ლიპიტორის ყველაზე დაბალი დოზა პაციენტებში იმავე შედეგს დებდა, რასაც ალტერნატივების ყველაზე დიდი დოზები. თუმცა, ლიპიტორის გუნდი წარმატების მისაღწევად მხოლოდ პრეპარატის ფუნქციებს არ დაეყრდნო და საქმეში გონივრული მარკეტინგიც ჩართო: სატელევიზიო რეკლამებზე ათობით მილიონი დოლარის დახარჯვით, ლიპიტორი შემქმნელებმა პირდაპირ მომხმარებლამდე მიიტანეს.

ლიპიტორმა სისხლში კონკურენტებთან შედარებით უფრო უკეთესად შეამცირა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის დონე, თუმცა, რას ნიშნავს იყო “უკეთესი” მთლიანად ბიზნესის პროდუქტსა და ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. მთავარია, დამწყებმა ანტრეპრენერებმა სწორად შეაფასონ, რას აკეთებს მათი გამოგონება ისეთს, რასაც სხვები ვერ აკეთებენ.

Super Mario Bros. - 1985

2016 წელს, რიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მომდევნო ოლიმპიადაზე მსოფლიო ქვეყნის ყველაზე ცნობილი ამბასადორის, მარიოს კოსტიუმში გამოწყობილმა მოიწვია. იაპონიამ - ტექნიკურმა გიგანტმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა უძლიერესმა ეკონომიკამ - თავისი კულტურის გლობალურ ასპარეზზე წარსადგენად ვიდეო თამაშების გმირი აირჩია. როგორ მოახერხა პერსონაჟმა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ „ჯამპმენის“ სახელით იყო ცნობილი, მსოფლიოს ყურადღება და ასობით მილიონი დოლარის მოგება მიეღო?

ყველაფერი 1985 წელს დაიწყო, როდესაც Nintendo-მ ვიდეო თამაშების რევოლუციური კონსოლი, Nintendo Entertainment System გამოუშვა. სწორედ მისი ნაწილი იყო Super Mario Bros. იმ დროს, როდესაც თამაშების უმეტესობა კოსმოსურ შავ ფონზე თამაშდებოდა. მარიო მიირთმევდა ჯადოსნურ სოკოებს, რომლებიც მას უფრო დიდს ხდიდა, და გადასაადგილებლად მწვანე მილებს იყენებდა. მარიომ სრულიად ახალი სამყარო შექმნა, რომელიც სავსე იყო ბოროტმოქმედებით, ფარული ხრიკებითა და გმირებით. რაც მთავარია, ნინტენდო დღემდე აგრძელებს მარიოს განვითარებას და გაყიდვების შთამბეჭდავ მაჩვენებლებსაც აღწევს. 2025 წლისთვის მარიოს ფრენჩაიზიდან თამაშების 950 მილიონ ერთეულზე მეტია გაყიდული. მარკეტოლოგები ოცნებობენ მსგავსი ბრენდის შექმნაზე, რომელსაც აღიარებაც ექნება, რეპუტაციაც და - მომხმარებლის ერთგულებაც.

1985 წელს „Super Mario Bros.“-მა ვიდეო თამაშებში უნიკალური გამოცდილება შექმნა და ჟანრი ხელახლა განსაზღვრა. რაც ადასტურებს, რომ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მასობრივ ბაზარზე გამოირჩევა, ნამდვილად არის წარმატების გასაღები.

Toyota Corolla - 1966

Toyota Corolla ბაზარზე ყველაზე სწრაფი მანქანა არ არის. ის არც ყველაზე ლამაზი, ყველაზე იაფი ან ყველაზე მძლავრია. თუმცა - არის ყველაზე გაყიდვადი. Toyota Corolla-ს დებიუტი 1966 წელს შედგა. მაშინ ის საიმედო და იაფი მოდელი იყო, რაც საკმარისად სასურველი კომბინაცია აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბრენდის იდენტობად ქცეულიყო და ყველაზე მეტი ერთეული გაეყიდა. გამოსვლიდან ათ წელზე ნაკლებ დროში, Corolla 1974 წლის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად დასახელდა და ამ რეიტინგში 2025 წელსაც რჩება.

საქმე ისაა, რომ მომხმარებლებისთვის სიმშვიდე ფასდაუდებელია, სანდრო პროდუქტი კი - ამ სიმშვიდის საწინდარი. მომხმარებლები აფასებენ პროდუქტს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარტივად ხელმისაწვდომია. დამწყები ბიზნესებისთვის ტოიოტა კოროლას ისტორია გაკვეთილია, რომ თუ გსურთ, პროდუქტი მოკლევადიან პერსპექტივაშიც წარმატებული იყოს და გრძელ ვადაშიც გადარჩეს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის საიმედოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები