მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"50 000-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს წინანდლის მამულს, დარწმუნებული ვარ, რომ პოტენციალი 10-ჯერ მეტია"

57cbb7fb8ed16
BM.GE
04.09.16 09:56
1304
"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონებში ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროები შენდება, რადგან ეს არის რეგიონის გამოჩენა მსოფლიო რუკაზე და მეტი ტურისტის მოზიდვის შესაძლებლობა", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც წინანდლის სახლ-მუზეუმში აღდგენილი მამულის ღვინოების პრეზენტაციას და „სილქ როუდ ჯგუფსა“ და საპარტნიორო ფონდს შორის საპარტნიორო შეთანხმების გაფორმებას დაესწრო.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა პოზიტიურ ტენდენციებზე ტურიზმის სფეროში. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ტურისტული მიმართულება ხდება. მათ შორის, ყოველწლიურად იზრდება კახეთის, როგორც ტურისტული მარშრუტის პოპულარობა - ამისთვის ყველა პირობა გვაქვს - ულამაზესი ბუნება, უძველესი ისტორია, არქიტექტურული ძეგლები, უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულო და რაც მთავარია, კახური ღვინო.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ”ერთი მხრივ, დღეს ალექსანდრე ჭავჭავაძის 230 წლის იუბილეა და მეორე მხირვ, „საპარტნიორო ფონდმა“ და „სილქ როუდ ჯგუფმა“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც წინანდლის მამულებში 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. 50 000-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს წინანდლის მამულს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პოტენციალი 10-ჯერ მეტია”. მან ასევე ისაუბრა იმ ახალ სამუშაო ადგილებზე, რომელიც წინანდალში „რედისონის“ ამოქმედების შემდეგ შეიქმნება. კერძოდ, 200 ახალ სამუშაო ადგილზე.

სასტუმრო „წინანდალი რადისონი“, თელავის რაიონში ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. პარტნიორთა შეთანხმებას ხელი წინანდალში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს“წინანდლის მამულების” დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც საპარტნიორო ფონდი 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს გახსნა 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები