ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, ინვესტორებმა საქართველოში ახალი პროექტების განხორციელება შეაჩერეს. ლევან ყარალაშვილი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თაროზე შემოდებულია 50 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად გეგმავდნენ. „გაკვირდებით“ - ასე პასუხობენ ისინი ქართველ პარტნიორებს. “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი მოშლილია და რეპუტაციული რისკების გათვალისწინებით ინვესტორებს საქართველოს მიმართ ნდობა აღარ აქვთ.
„ინვესტორები განსაკუთრებით სენსიტიურები არიან. ჩვენს ჯგუფს თითქმის 300 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული საქართველოში. ეს არის ძირითადად ჰოლანდიელი, ფრანგი, ბრიტანელი ინვესტორები და დღევანდელ მოცემულობაში ხალხი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას და გამოუვლია სხვადასხვა მთავრობები, დღეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაოგნებულები არიან. სულ სხვა მოლოდინები ჰქონდათ, სულ სხვა ჩანაფიქრები ჰქონდათ, და ყველა პროექტი, რომელიც შეიძლება განხილული ყოფილიყო, თაროზეა შემოდებული და პასუხი -„გაკვირდებით, ვნახოთ რა იქნება“.
ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ამბავი. პროექტის განხორციელებისთვის 2 წელი მარტო მოლაპარაკებას, დაგეგმვას, გააზრებას დაფინანსების მოზიდვას სჭირდება. დღეს დაახლოებით 50 მილიონი დოლარის პროექტები, რაც ჩვენს ფაიფლაინში გვქონდა და რაზედაც ბოლო წლები ვმუშაობდით, თაროზე შემოიდო და როდის განახლდება არც ვიცით“,-განაცხადა რედაქტ2-თან ლევან ყარალაშვილმა.