Sportfest-ისა და KiKeti Fest-ის ორგანიზატორები თბილისში, აბრეშუმის ქარხანაში, რიგით მესამე ფესტივალს აანონსებს, რომელიც 27-28 აპრილს ჩატარდება და 50-ზე მეტ კომპანიის 700-ზე მეტ “ვოკრშოპს” გააერთიანებს.
როგორც Workshop Fest-ის ორგანიზატორები “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავენ, საგანმანათლებლო შეხვედრები და სემინარები, 5 000-მდე ადამიანს მისცემს შანსს, სხვადასხვა ტიპის ხელობა შეისწავლოს და პრაქტიკული რჩევებიც მიიღონ.
“3 წელია, გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი თემატიკის ფესტივალები შეგვექმნა, რომლებიც ინტერაქციულ-შემეცნებით აქტივობებს მოიაზრებს. გადავწყვიტეთ Workshop Fest-ის ჩატარებაც, სადაც წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანიის 700-ზე მეტი ინდივიდუალური “ვორკშოპი” - ხელობის შესწავლა, ყოველდღიური რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები…” - აღნიშნავს ფესტივალის თანაორგანიზატორი, რეზი პეტრიაშვილი.
Workshop Fest-ზე ხელობის კურსები ყოველ საათში, ერთმანეთის პარალელურად დაიწყება და რვა საათის განმავლობაში გაგრძელდება.
“ამ ფესტივალის მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ თუ მე ვეძებ ახალ ჰობის, ან თუ მსურს პიროვნული განვითარება, პროფესიული თუ საგანმანათლებლო კუთხით, ან ახალი საქმიანობის შესწავლა თუ მინდა - საშუალება მექნება, ყველაფერი ერთ სივრცეში ვნახო”, - აღნიშნავს ირინა ეგაძე, Workshop Fest-ის თანაორგანიზატორი.
ორგანიზატორები ასევე აღნიშნავენ, რომ “ვორკშოპებში” მონაწილეობის მისაღებად წინასწარი უნარჩვევების ქონა საჭირო არ არის და ყველა საჭირო ტექნიკას ადგილზევე შეგასწავლიან.
რაც შეეხება “ვორკშოპების” თემატიკას, ის მრავალფეროვანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორისაცაა: მასტერკლასები კოქტეილების მომზადებისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის, ავეჯის რესტავრაციისთვის, დეკორატიული ლესვისა და სხვა მსგავსი ხელობებისთვის.
ამასთანავე, ირინა ეგაძე განმარტავს, რომ ფესტივალზე პროფესიული სასწვალებლები და უნივერსიტეტებიც იქნებიან წარმოდგენილი, რაც უზრუნველყოფს, რომ Workshop Fest-ი ნებისმიერი ასაკის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისა და უფროსი თაობებისთვის იყოს საინტერესო.
ორგანიზატორების განმარტებით, Workshop Fest-ის ბილეთები TKT.GE-ზე, სიმბოლურ ფასად, იყიდება. “ვორკშოპებზე” დასწრების მსურველებს კი შეეძლებათ, მათთვის სასურველ მასტერკლასსა თუ სემინარში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ადგილზევე გაიარონ.