დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე, 2025 წელს 509 674 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი განთავსდა. ამის შესახებ BM.GE-ს შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გამოთცხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.
„დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დღიურად საშუალოდ 1400-1600 ტონა ნარჩენი შედის, ხოლო 2025 წლის განმავლობაში პოლიგონზე ჯამში 509 674.54 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი განთავსდა.
დღევანდელი მდგომარეობით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის სიცოცხლისუნარიანობა, უჯრედების დამატების შემთხვევაში, 15-20 წელს ითვლის, თუმცა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შედეგად პოლიგონის ექსპლუატაციის ვადა გაიზრდება", - განმარტავენ კომპანიაში.
უწყების ინფორმაციით, პოლიგონზე წლიური გარემოსდაცვითი მონიტორინგი ხორციელდება.
"ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით, ყოველწლიურად ტარდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც შემაჯამებელი ანგარიში დგება", - აცხადებენ უწყებაში.
„თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, დიდი ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რომლის მშენებლობაც 2026 წელს დასრულდება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2026 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 6 466 705 ევროს შეადგენს და მისი განხორციელებით მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოსდაცვითი პრობლემები და სუნი“, - აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“.
გარდა ამისა, პოლიგონზე დაგეგმილია გაზშემკრები სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ევროა : "პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, მოქმედი და დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. შედეგად, ნარჩენებისგან წარმოქმნილი მეთანი ჰაერში არ გაიფანტება და ელექტროენერგიად გარდაიქმნება", - განმარტავენ უწყებაში.
ასევე, „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დიდი ლილოს პოლიგონზე იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა : "აღნიშნული პროექტი შექმნის საფუძველს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დასაწყებად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მასალის რეალიზება", - აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, რომ გრძელდება ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება.
„ახალი ნაგავსაყრელის ადგილის შერჩევის პროცესი საქართველოს მთავრობის 421-ე დადგენილებითა და საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად მიმდინარეობს. კვლევით სამუშაოებს კომპანიის დაკვეთით გერმანული კომპანია ICP Ingenieurgesellschaft Prof. Czurda und Partner mbH ახორციელებს. სხვა დეტალები შესწავლის პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“,- განმარტავენ უწყებაში.




























