მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"500 ლარი ყოველთვიურად თითოეულ მოქალაქეს" - სიღარიბის დაძლევის გზა "გირჩის" ხედვით

სანდრო რაქვიაშვილი

პარტია „გირჩი“, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს, უკიდურესი სიღარიბის დაძლევის გზად არსებული სოციალური დახმარების პროგრამების, მათ შორის პენსიის გაუქმებასა და "საყოველთაო საბაზისო შემოსავლის" სისტემის დანერგვაში ხედავს.

პარტიის ხედვებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პოლიტიკოსმა და მოქმედმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ისაუბრა.

„გირჩის“ საარჩევნო პროგრამის თანახმად, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არის სისტემა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან. სანაცვლოდ კი უქმდება ყველა სუბსიდიის, სოციალური დახმარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დიდი ნაწილი, ასევე სავალდებულო საპენსიო სისტემა და ამით დაზოგილი მთელი თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე.

„გირჩის“ გათვლებით, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ყოველთვიურად თითოეული მოქალაქე 500 ლარით დაფინანსდეს.

- ჩვენი შეფასებით, შემდეგ წელს საქართველოს ბიუჯეტი, დაახლოებით, 35 მილიარდი ლარი იქნება. ჯარი, პოლიცია, საგარეო ურთიერთობები და ა.შ. აუცილებელი ხარჯების გაწევა, დაახლოებით, 14 მილიარდი ლარი ჯდება და დარჩენილი 21 მლრდ შეგვიძლია ყველა მოქალაქეზე, როგორც მდიდარზე, ისე - ღარიბზე, თანაბრად გადავანაწილოთ. რას ნიშნავს ეს? - მდიდარი მოქალაქისთვის შინაარსობრივად ეს არის გადსახადების 500 ლარით შემცირება, ხოლო ღარიბისთვის ეს იქნება დახმარება, რომელსაც ის გარანტირებულად მიიღებს. თუ არ უნდა მუშაობა, 500 ლარი, რომელიც პენსიაზე მეტია, ექნება და მუშაობის დაწყების შემთხვევაშიც 500-ლარიანი შემოსავალი შეუნარჩუნდება. ანუ სოციალური დახმარების არსებული სისტემისგან განსხვავებით, ვქმნით სტიმულს, რომ ადამიანმა იმუშაოს და სიღარიბიდან გამოვიდეს. წარმოიდგინეთ ქვეყანაში არავინ იქნება ისეთი, ვისი შემოსავალი 500 ლარზე ნაკლები იქნება და თუ ოჯახში ოთხი წევრია, მათი შემოსავალი 2000 ლარი გამოვა.

- ანუ რამდენი მილიარდი გჭირდებათ ამ პროგრამისთვის?

- დაახლოებით, 21 მილიარდზე გვაქვს გათვლა, რაც ამ ყველაფერს სჭირდება...

- რომელ ქვეყანაში გაამართლა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის სისტემის დანერგვამ?

- სატესტო რეჟიმში იყო ფინეთში, კანადაში და შვეიცარიაში. შვეიცარიაში რეფერენდუმიც კი ჩაატარეს, მაგრამ იქ პოლიტიკოსებმა ვერ გაბედეს სხვა პროგრამების გაუქმება; არადა ამ პროგრამის მთელი იდეა არის ის, რომ ყველა სხვა პროგრამას და რეგულაციას აუქმებ და აკეთებ ყველაზე მარტივ სისტემას, სადაც ერთი ადამიანი გჭირდება, რომ ეს ფული ეფექტიანად გაანაწილო.

- ფინეთში გაამართლა ამ სისტემამ?

- ყველგან, სადაც სატესტო რეჟიმში იყო, იმუშავა, მაგრამ იქაც პოლიტიკოსებს არ ეყოთ გამბედაობა, რომ სხვა სოციალური დახმარების ყველა სისტემა გაეუქმებინათ და ერთი დაეტოვებინათ...

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს პარლამენტში თუ მოხვდებით, იპოვით ამ სისტემის დანერგვისთვის საჭირო თანამოაზრე დეპუტატებს?

- ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. თუ ქართველი ხალხი იმხელა მანდატს მოგვანიჭებს, რომ ჩვენ გარეშე „ოცნება“ და „ნაციონალები“ ვერ აყალიბებენ მთავრობას, მაშინ მოუწევთ, მოგვისმინონ... ამდენად, რა მასშტაბის იქნება კოალიციური შეთანხმება და რაზე დავიყოლიებთ, დამოკიდებული იქნება პარლამენტში „გირჩის“ მანდატების რაოდენობაზე - სასამართლო რეფორმა და ხალხის გამდიდრება არის საკვანძო თემები, რაზედაც უკან არ დავიხევთ.

"გირჩის" საარჩევნო პროგრამა სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები