მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"5000-ლარიანი ჯარიმა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ რუსთაველზე პროტესტი გაჩერებულიყო" - იაგო კაჭკაჭიშვილი

იაგო კაჭკაჭიშვილი

5000-ლარიანი ჯარიმა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ რუსთაველზე პროტესტი გაჩერებულიყო, იმიტომ რომ არსებობს საქართველოში სოლიდარობის ქსელი, რომელმაც იმუშავა, - ამის შესახებ სოციოლოგმა და თსუ-ს პროფესრომა იაგო კაჭკაჭიშვილმა „ანალიტიკას“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ეს თავადაც აღიარა ხელისუფლებამ, რის გამოც გაამკაცრეს კანონი.

„თუმცა, ჩვენ ახლაც ვხედავთ, რომ ადამიანები მზად არიან, ადმინისტრაციული სასჯელის ფარგლებში, წავიდნენ 5-10-დღიან პატიმრობაში და ეს არის მათი სიმამაცის არაჩვეულებრივი გამოხატულება“, - აღნიშნა მან.

როგორც სოციოლოგი ამბობს, პროტესტი მაინც არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ქუჩაში ამის გამოხატულება შემცირდა.

„პროტესტი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტს ყოველდღიურად უფრო და უფრო მჭიდროდ უჭერენ ყულფს, პროტესტი არ ტყდება. პროტესტი არსებობს ქუჩაში და რუსთაველის გამზირი ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა. თუმცა მოხდა პროტესტის დივერსიფიკაცია, პროტესტი არსებობს სოციალურ ქსელებშიც, რომლის მომხმარებელი არის არამხოლოდ ურბანულ, არამედ სასოფლო დასახლებებში მცხოვრებნიც. ჩვენ ვხედავთ მასობრივ მხარდაჭერას, საპროტესტო სტატუსების სახით. ასე რომ, პროტესტის დივერსიფიკაცია მოხდა, სხვანაირად წარმოუდგენელი იყო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონები დაწყებული 5000-ლარიანი არაადეკვატური ჯარიმით და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასრულებული", - აღნიშნა სოციოლოგმა.

მისივე თქმით, 5000 ლარი არაადეკვატურად მაღალი ჯარიმაა იმ ფონზე, რომ ზოგიერთი ოჯახის წლიური ბიუჯეტი სწორედ ამ მოცულობისაა.

"არცთუ მცირე ოჯახებისთვის 5000 ლარი არის ლამის ოჯახის წლიური ბიუჯეტი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საარსებო მინიმუმი 5-სულიანი ოჯახისთვის არის თვეში 400 ლარამდე, ამიტომ სრულიად დიდი დარტყმაა ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის. ამას დავუმატოთ ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი წესით ციხეში გამომწყვდევის პერსპექტივა, რაც მძიმეა. ამიტომაც სრულიად გასაგებია, რომ რუსთაველზე მომიტინგეთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი შემცირდა ან გაქრა. პროტესტმა სხვადასხვა სივრცეში გადაინაცვლა“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისი თქმით, გარედან "ოცნების" ხელისუფლების მიმართ ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ შიგნით არ დაინახეს, რომ პროტესტი გრძელდება, არცერთ ქვეყანას არ ექნება ამის სურვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები