გასულ წელს, საქართველოდან $2.16 მილიარდის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ის ტოლია. შედეგად, ბოლო წლებში, საქართველო ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის ჰაბად ჩამოყალიბდა.
ამ ინდუსტრიის უდიდესი კომპანია Caucasus Auto Import-ია, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს. როგორც კომპანიის ბრენდ მენეჯერმა, კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, 2023 წელი Caucasus Auto Import-ისთვის გამორჩეული იყო, რაც დასტურდება, როგროც 50,000-ზე მეტი ჩამოყვანილი ავტომობილით, ასევე რეგიონული ოფისით, რომელიც კომპანიამ საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარზე - ყაზახეთში გახსნა.
“გასული წელი Caucasus Auto Import-ისთვის საკმაოდ კარგი იყო, რა დროსაც ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ყაზახეთის ბაზარზე შევედით და სრულად ვფუნქციონირებთ, ანუ იქაურ ბაზარს საქართველოდან ავტომობილების ექსპორტს ვთავაზობთ. გვსურს, რომ ის მომსახურება, რომელსაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიღებთ და რომელიც კომფორტულ აუქციონს და სრულყოფილ ინფორმაციას მოიცავს, ყაზახეთის ბაზარსაც შევთავაზოთ.
ჩვენი ეს ნაბიჯი ბაზარს წაახალისებს, რადგან რეექსპორტი ვითარდება, ხოლო ავტომობილმა საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილზე გადმოინაცვლა. ეს ინდუსტრია ქვეყანას დიდ დოვლათს უქმნის, შესაბამისად, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც.
გასულ წელს, საქართველოში 50,000-ზე მეტი ავტომობილი ჩამოვიყვანეთ, რაც კოლოსალური რიცხვია”, - განაცხადა Caucasus Auto Import-ის ბრენდ მენეჯერმა, კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში”.