მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორების წინაშე 13 სტარტაპის დამფუძნებელი გამოვიდა

63d29e2e939e3
BM.GE
26.01.23 19:32
594
სტატიაში საუბარია:

დღეს, 26 იანვარს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500Georgia-ს შემაჯამებელი ღონისძიება - Demo Day გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ცამეტმა გამორჩეულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა მიიღო, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა და ახლა ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენაზე მუშაობენ. Demo Day-ის ფარგლებში, დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად მონაწილეებმა პოტენციურ ინვესტორებს საკუთარი იდეები გააცნეს, საქმიანი ურთიერთობები დაამყარეს და გაფართოების ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეს.

500Georgia-ს აქსელერაციის ინტენსიური პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის ზრდის სტრატეგიის შემუშავებაზე და მარკეტინგული კამპანიების შექმნაზე სტარტაპების დამფუძნებლები საერთაშორისო დონის, მაღალკვალიფიციურ მენტორებთან ერთად, რვა კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. აქსელერაციის დროს, სტარტაპების დამფუძნებლები გაფართოების საჭირო მეტრიკებს იკვლევდნენ, ინვესტიციებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიებს სწავლობდნენ და ყველა იმ უნარს ეუფლებოდნენ, რომელიც მათ საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის დასაკვიდრებლად სჭირდებათ.

ამ დრომდე, 500Georgia-ს ფარგლებში, ოცდაათი საერთაშორისო და ლოკალური სტარტაპი გადამზადდა, რის შემდეგაც მათი ჯამური ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

წარმოგიდგენთ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს, რომლებიც 500Georgia-ს Demo Day-ზე გამოვიდნენ:

Bonpara - აზერბაიჯანული სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება, დაზოგოს რაც შეიძლება მეტი ფული, ბიზნესს კი აძლევს შესაძლებლობას, გაყიდოს მეტი პროდუქტი და მოიზიდოს ახალი მომხმარებლები. სტარტაპის დამფუძნებლები ორხან აჰმადოვა და ნიჯატ ასადოვა არიან.

Epoint - ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოში. სტარტაპი 2021 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები ზეინალ კარიმზადა და ჰასან ჰასანოვი არიან.

GOTCHA - კომპიუტერულ ხედვაზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა, რომელიც ადამიანის სახის ქცევის ანალიზის საშუალებით მათ მიკროემოციებს ამოიცნობს; მისი დამფუძნებლები ჰამო ვეთუნცი და ანა გევორგიანი არიან;

iDialogue – ოლესია ალექსანდროვასა და ნატალია ბუთის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის შესწავლაში ეხმარება.

Kings International-ი საქართველოში დაფუძნებული ოლიმპიადების პლატფორმაა, რომელიც რომა მარკარიანმა, ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ დააფუძნეს. ამჟამად სტარტაპი ორ ბაზარზე ოპერირებს (ლიეტუვა და ბულგარეთი). ხოლო, ჩვენ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

KovZy - ალექსანდრე ცინცაძისა და სანდრო დარსაველიძის მიერ დაფუძნებული ქართული სტარტაპია, რომელიც ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს და რესტორნების აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და დროულად მიაწოდონ შეკვეთები მომხმარებლებს.

Liveboard -  ტიგრან ბარსეღიანისა და ჰასმიკ ტერ-გრიგორიანის მიერ სომხეთში შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებს ეხმარება, შექმნან, ჩაწერონ და გააზიარონ გაკვეთილები ონლაინ, ნებისმიერი ადგილიდან. შესაბამისად, პლატფორმა ეხმარება მასწავლებლებს, არა მხოლოდ მართონ, არამედ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და მთელი სასწავლო პროცესი ერთ პლატფორმაზე აწარმოონ.

Praktika - ადამ ტურაევისა და ილია ჩერნიაკოვის მიერ გერმანიაში ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც სწავლების პროცესში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

Pyme - საიმონ მიტჩელის, ბილალ მოტივალას და სალეჰ მოტივალას მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ქმნის ერთგვარ მარკეტინგულ პლატფორმას და ბიზნესებს WEB3-ში მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება.

QuickShipper – ქართული სტარტაპია, რომელიც მარიამ ახვლედიანმა, ლევან კილაძემ და ილია გიჯაშვილმა დააარსეს. ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი. ოპტიმალური მარშრუტებისა და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის შეთავაზებით, პლატფორმა ბიზნესებს შეკვეთების დროულ მიწოდებაში ეხმარება.

Tass Vision - უზბეკეთში შექმნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიდეოთვალთვალის სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესების ოპტიმიზაციას და შემოსავლის 15%-ით გაზრდას. ამისათვის, სტარტაპი იყენებს ვიზიტორთა ანალიტიკას (VA), რომელიც აგროვებს მომხმარებლის მონაცემებს (ითვლის ვიზიტორთა რაოდენობას, განსაზღვრავს მათ სქესსა და ასაკს) და ადგენს კლიენტთა მოგზაურობის რუკას (CJM), რაც ეხმარება ბიზნესებს, თვალყური ადევნონ მომხმარებელთა მოძრაობას მაღაზიაში.

Text'n'PayMe - სომხეთში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც საშუალებას აძლევს ბანკის მომხმარებლებს, გაგზავნონ ფული ნებისმიერ საკომუნიკაციო აპლიკაციაში. Text'n'PayMe ეხმარება ბანკებს, გაზარდონ მოგების მარჟა, რაც გამორიცხავს არსებული კლიენტების ბაზის დაკარგვის რისკს და ამავე დროს აძლიერებს ახალი მომხმარებლების მოზიდვის პროცესს. სტარტაპის დამფუძნებელი კი არტურ კარაპეტიანია.  

Voiceloft - აზერბაიჯანში დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხმოვანი მონაცემების შეგროვებით მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები