მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ველით, 40 000 ტონა ექსპორტზე გავა - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

ნარინჯისფერი რთველი

დასავლეთ საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში გადავიდა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ წელს როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად კარგი მოსავალია, საპროგნოზო მაჩვენებელი კი 50-55 ათას ტონას შეადგენს. მინისტრის თქმით, მთავარი საექსპორტო ბაზრები ქართული ციტრუსისთვის ტრადიციულად ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი რჩება.

„აჭარა და დასავლეთ საქართველო ელოდება 50-55 ათას ტონა ციტრუსს, საიდანაც 40 ათასი ტონა დაექვემდებარება ექსპორტს, ხოლო დანარჩენი ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე გაიყიდება. ამავდროულად სახელმწიფოს მხრიდან მოხდება არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება. მიმდინარე წელს ეს იქნება 30 თეთრის ოდენობით. ყველა ფერმერი, 1 კილოგრამზე მიიღებს 30 თეთრს.

ახლა დაიწყო პროცესი და ფასი ციტრუსზე 80 თეთრიდან 1,20 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს არის სტანდარტული ციტრუსის ფასი და ალბათ ასე იქნება მთელი სეზონის განმავლობაში. წელს მოსავალი უკეთესია რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც. სტანდარტულად როგორც იყო ტრადიციული საექსპორტო ბაზრები, ისევ ის გახლავთ. რთულია ლოგისტიკურად ვისაუბროთ ევროპისთვის დიდი რაოდენობით მიწოდებაზე, თუმცა ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ჩვენ მეზობელ ქვეყნებში უკვე აქტიურად არის დაწყებული ციტრუსის გატანა“, - აცხადებს მინისტრი.

რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს, როგორც ზაზა შავაძე ამბობს, ამ ეტაპზე ექსპორტიორების მცირე ნაწილი აკმაყოფილებს EU-ს სტანდარტებს, თუმცა ბიზნესი მუშაობს და მათი პროგნოზით, მომავალ წლებში ევროკავშირში ციტრუსის ექსპორტი გააქტიურდება.

„ევროკავშირს აქვს თავის სტანდარტები. საჭიროა შესაბამისი დახარისხება, დამუშავება და შეფუთვა ევროკავშირის სტანდარტით. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ კომპანიები ამას ახერხებენ, თუმცა, ვინც ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ არის ცდილობს, რომ თავისი საწარმოო ხაზი განავითაროს და განვითარების მხრივ ვეხმარებით მეწარმეებს. მომავალ წლებში, ვფიქრობთ, ალბათ უფრო მეტი კომპანია იქნება მზად, რომ თავიანთი პროდუქცია მაღალი ხარისხით მიაწოდონ ევროკავშირის ქვეყნებს“, - განაცხადა ზაზა შავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები