მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5.5 მლნ გაყიდული ავტომობილი და რობოტები წარმოებაში - როგორი იქნება Hyundai 10 წელიწადში?

ხოსე მუნიოსი

2025 წელს კორეული ავტომწარმოებლის, Hyundai Motor Company-მ ელექტრიფიკაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ზრდას მიაღწია: ელემენტიანი ელექტრომობილების (BEV) გლობალური გაყიდვები 17%-ით გაიზარდა და 269,169 ერთეული შეადგინა, ხოლო ელექტრიფიცირებული ავტომობილების ჯამური გაყიდვები (ჰიბრიდების ჩათვლით) 1 მილიონ ერთეულს მიუახლოვდა. ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების გაყიდვების 52%-იანი ნახტომი დაფიქსირდა.

Wall Street Journal-ის კითხვას, რა განაპირობებს ელექტრომობილებზე გადაწყობის მსგავს ტემპს Hyundai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოსე მუნიოსმა უპასუხა.

"ჩემთვის ორი მთავარი ფაქტორი არსებობს: პირველი არის ინფრასტრუქტურის განვითარება, და მეორე - რეგულაციები. ცხადია, როდესაც არ გაქვს დამტენების ქსელი, რომელიც როგორც მომხმარებელს, სიმშვიდეს მოგანიჭებს, რომ საჭიროებისას ავტომობილის დამუხტვას შეძლებ, გარკვეული ყოყმანი გიჩნდება, იმისდა მიხედვით, თუ როგორი ტიპის მგზავრობას გეგმავ შენი მანქანით. ყველამ იცის, რომ შტატები ალბათ ის ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ავტომობილების საშუალო მოხმარება და გარბენი ყველაზე მაღალია. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ალბათ არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში.

მეორე ფაქტორი რეგულაციაა. მე მაქვს ოფისი სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც ბევრი მომხმარებელი ყოველდღიურ მგზავრობას ელექტრომობილის გამოყენების შესანიშნავ გზად მიიჩნევს. ეს არის საწვავის თანხის დაზოგვის საშუალება და ასევე, ამით ისინი ხელს უწყობენ გამონაბოლქვის შემცირების რეგულაციებს და ა.შ. ეს არის ის ორი ფაქტორი", - განაცხადა მან.

კომპანიის განვითარებაზე საუბრისას მუნიოსი უფრო გრძელვადიან პერსპექტივასაც შეეხო და მომედვნო ათი წლის განმავლობაში გაყიდვების ზრდისა და ელექტრომობილების წარმოების პოტენციაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, Hyundai ცდილობს, იყოს არა ავტომწარმოებელი, არამედ ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიურ კომპანიად, რომელიც ავტომობილებს ყიდის.

"ვფიქრობ, 10 წელიწადში მიღწეული გვექნება ჩვენი საშუალოვადიანი მიზნები. Hyundai Motor Company გლობალურად 5.55 მილიონი გაყიდული ავტომობილის მაჩვენებელს გადააჭარბებს. ზოგიერთ ბაზარზე გაიდული მანქანების 2/3 ელექტრიფიცირებული იქნება, ზოგან გაცილებით მეტიც. წარმოდგენილი გვექნება 18-ზე მეტი ახალი ჰიბრიდი. განხორციელებული გვექნება ინვესტიციები. აშშ-ში კი წარმოება 80%-ზე მეტად ლოკალიზებული იქნება. ამერიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე დღეს არის. ჩვენი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენივე ჯგუფის ავტონომიური ტექნოლოგიით იქნება დაკომპლექტებული და სავარაუდოდ, ვმართავთ ჩვენს საკუთარ ავტოპარკს.

ჩვენს ქარხნებში თქვენ ნახავთ არა მხოლოდ თანმიმდევრულ პროცესს, არამედ ხაზზე მომუშავე რობოტებს. ჩვენ უკვე გვყავს რობოტები, თუ ჯორჯიაში, სავანას საწარმოში წახვალთ, ნახავთ ე.წ. AGV-ებს (ავტომატიზებული მართვადი მანქანები), რომლებიც ავტონომიურად მოძრაობენ. და საბოლოოდ, ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით კაცობრიობისთვის პროგრესის მიტანასთან. როგორც ვამბობთ ხოლმე, ჩვენ არ ვართ ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვართ ტექნოლოგიური, მობილობის კომპანია, რომელიც ამავდროულად ყიდის მანქანებს", - განაცხადა ხოსე მუნიოსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები