მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

58-ე სუპერბოულმა ამერიკული სპორტის ისტორიაში ყველაზე მაღალი სატელევიზიო ნახვები დააფიქსირა

სუპერბოულის ნახვები

ამერიკული სპორტული ღირსშესანიშნაობა და წლის უმთავრესი მოვლენა, რომელსაც სუპერბოულის სახელით ვიცნობთ, ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მოვლენაა აშშ-ს ტერიტორიაზე. 58-ე სუპერბოულმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ეროვნული რეკორდი დაამყარა.

“კანზას-სიტი ჩიფს-სა” და “სან ფრანცისკო 49ers-ის” დაპირისპირებას, რომელიც კანზასელების გამარჯვებით, ანგარიშით 25-22 დასრულდა, აშშ-ს ტერიტორიაზე პირდაპირ რეჟიმში საშუალოდ 123,7 მილიონმა ადამიანმა მიადევნა თვალი. ეს მაჩვენებელი წინა რეკორდის მფლობელ, 2023 წლის სუპერბოულს (115 მლნ ნახვა) 7%-ით აღემატება. მაყურებელთა საშუალო მაჩვენებელი - რომელიც მოიცავს CBS-ის მთავარ სამაუწყებლო ქსელს, Paramount+, Nickelodeon-ს, Univision-ს და მათთან დაკავშირებულ ციფრულ მაუწყებლებს, აჭარბებს ყველა სხვა დაგეგმილ პროგრამას, უკანასკნელი შვიდი ათწლეულის მანძილზე.

თუმცა ყველა დროის რეკორდი 1969 წელს ადამიანის მთვარეზე ჩასვლას ეკუთვნის, რომელსაც სხვადასხვა არხზე 125-იდან 150-მდე მილიონმა ადამიანმა უყურა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით კი 500-600 მილიონმა ადამიანმა.

მაყურებლის ასეთი ინტერესი მატჩის მიმართ, ცხადია, თვითონ თამაშმაც დაიმსახურა, რადგან სუპერბოულის ისტორიაში მეორე დამატებითი დრო ვიხილეთ, რამაც სანახაობას დამატებითი ხიბლი შესძინა. უმთავრესი მიზეზი კი ამერიკელი მეგა ვარსკვლავი, მომღერალი ტეილორ სვიფტია, რომელსაც “ჩიფს-ის” მოთამაშე ტრევის კელსისთან სასიყვარულო რომანი აკავშირებს. ამ ფაქტმა სვიფტის გულშემატკივრებს უბიძგა, რომ დასწრებოდნენ მატჩს ან ეყურებინათ ტელევიზიის საშუალებით, რის შედეგადაც მსგავსი მაჩვენებელი მივიღეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები