რამდენიმე თვეში AI გარდაუვალ გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს - სწორედ ამ შინაარსის სტატია გამოაქვეყნა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის წამყვანი ლიდერები, ChatGPT-სა და Claude-ის შემქმნელები სერიოზულად ალაპარაკდნენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეზე. საფრთხეზე, რომელსაც შეუძლია საბანკო სისტემები გათიშოს, ინტერნეტი შეაჩეროს და მსოფლიო ელექტროენერგიისა თუ წყლის მიწოდების გარეშე დატოვოს.
მოკლედ, რატომ დაშინდნენ ტექ-სექტორის ჩემპიონები და რატომ მიაჩნიათ, რომ AI არმაგედონი გარდაუვალია, სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ ამ სტატიაში.
დავიწყოთ მთავარით და გავცეთ პასუხი კითხვას, თუ რა ხდება სილიკონის ველზე დახურულ კარს მიღმა. როგორც გამოცემა Axios-მა სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაადგინა, ტექნოლოგიური გიგანტების შემქმნელები - მათ შორის OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი და Anthropic-ის გენერალური დირექტორი დარიო ამოდეი პირად საუბრებსა და დახურულ შეხვედრებზე უკვე ამზადებენ ე.წ. „მეორე დღის“ სცენარებს. ანუ სცენარებს იმ რეალობისთვის, რაც პირველი გლობალური AI კატასტროფის შემდეგ დადგება.
შედარებისთვის, აქამდე მსგავს სცენარებსა და კრიზისულ სიმულაციებს მხოლოდ პენტაგონი ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურები ატარებდნენ, თუმცა დღეს განსხვავება ის არის, რომ თავად ამ ტექნოლოგიის შემქმნელები მიიჩნევენ პირველი მასშტაბური ინციდენტის დადგომას გარდაუვალად. თანაც არა შორეულ მომავალში, არამედ მომდევნო 6-დან 12 თვემდე პერიოდში - მაქსიმუმ 1 წელიწადში.
ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ კონკრეტულად რა საფრთხეზეა საუბარი და რატომ უნდა აღელვებდეს ეს რიგით მოქალაქეს?
საქმე ის არის, რომ კომპანიების ლიდერები მოელიან უპრეცედენტო მასშტაბის კიბერთავდასხმას, რომელმაც შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს სასიცოცხლო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მთელ მსოფლიოში. საუბარია ფინანსურ და საბანკო სერვისებზე წვდომის სრულ ბლოკირებაზე, ინტერნეტისა და სატელეფონო ხაზების გათიშვაზე, ან კიდევ უფრო უარესი - ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდების სისტემების პარალიზებაზე.
მარტივად რომ ვთქვათ, საფრთხე ვირტუალური სივრციდან და კომპიუტერის ეკრანებიდან პირდაპირ ყოველდღიურ ფიზიკურ ყოფაში, საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გადმოვიდეს.
როგორც Axios-ი წერს, ტექ-ლიდერები მთელი ამ პროცესების სათავეში ავტონომიურ აგენტებს ხედავენ. მათ მიერვე შექმნილი AI მოდელების გაცილებით მოქნილ ვარიანტებს, რომლებსაც შეუძლიათ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, შეაღწიონ დახურულ სისტემებში და გადადგან ნაბიჯები, რომლებზეც თანხმობა ან დავალება არავისგან მიუღიათ. შეხსენებისთვის, ეს ის აგენტები არიან, რომლებიც უკვე დაესხნენ თავს არამარტო ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ აშშ-ის მთავრობის სააგენტოებსაც კი.
ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ უკვე ასეა საქმე, რატომ არ ერევიან სახელმწიფოები და სად არის მარეგულირებელი? ხელისუფლებებმა, განსაკუთრებით კი შტატებისამ ხომ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს უმკაცრესი შეზღუდვები და უსაფრთხოების ბარიერები, თუმცა, როგორც Axios-ი წერს, სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი პარადოქსი, რადგან თავად ვაშინგტონია უკვე სრულად პარალიზებული.
პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც ყველაზე მეტის შეცვლა შეუძლია, მკაცრი რეგულაციების დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს, რომ თუ ასე არ მოიქცა, ამერიკა ჩინეთთან ტექნოლოგიურ რბოლაში ლიდერობას დაკარგავს.
კონგრესი კი, სადაც გადაწყვეტილების მიმღებთა დიდი ნაწილი საკმაოდ ასაკოვანი პოლიტიკოსია, ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ტემპს უბრალოდ ვეღარ ეწევა და ვერც აღიქვამს ამ მასშტაბის საფრთხედ.
მართალია, დემოკრატების ნაწილი რადიკალურ ინიციატივებს აყენებს და სუპერინტელექტის სრულ აკრძალვას ან განვითარების დროებით გაჩერებას, ასევე ე.წ. Kill Switch-ის ანუ AI-ს სრულად გათიშვის ღილაკის შექმნას ითხოვს, თუმცა ანალიტიკოსები საკანონმდებლო დონეზე ნაბიჯებს სკეპტიკურად უყურებენ, რადგან ღია მოდელები უკვე მთელ მსოფლიოშია გაბნეული და მათი კონგრესის დონეზე გაკონტროლება ტექნიკურად წარმოუდგენელი ჩანს.
განსაკუთრებით საყურადღებო ფაქტი, რაზეც Axios-ის სტატიაშია გამახვილებული ყურადღება, არის ის, რომ ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარდა დიდი საფრთხის წინაშე დგანან გლობალური ეკონომიკა და საფონდო ბირჟაც. ისინი იმდენად მჭიდროდ გადაეჯაჭვნენ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის კოლოსალურ მშენებლობას და იმხელა ინვესტიციებია უკვე იქ ჩადებული იმ იმედით, რომ ეს ინვესტიცია მილიარდობით შემოსავალს მოიტანს, რომ გლობალურმა AI კატასტროფამ შესაძლოა ამ ინდუსტრიის სრული დამუხრუჭება გამოიწვიოს. თუ ერთი პრეცედენტი მაინც გაჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განადგურებას ცდილობს, ეს ინვესტორებს ბაზრიდან გააქცევს და ბირჟებზე მასშტაბურ კორექციასაც განაპირობებს.
ხოლო კორექცია და იმის რეალიზება, რომ კომპანიებს AI-ზე ხარჯების მკვეთრი შემცირება მოუწევთ, ისედაც მყიფე ეკონომიკებს უმძიმეს რეცესიაში ჩააგდებს. რეცესიას კი, თავის მხრივ, ყველა ადამიანის ჯიბეს დაეტყობა.
























