მსოფლიოში ცნობილი გასტრონომიული წარმოდგენა Le Petit Chef თბილისშია. უკვე 4 თვეა სასტუმრო Pullman-ის რესტორან Dumas-ში, მსურველებს ფრანგული გასტრონომიის შესაფერისი კერძების დაგემოვნება საინტერესო და განსხვავებული 3D წარმოდგენის თანხლებით შეუძლიათ.
პროგრამას, რესტორანში ჩვეული ვიზიტისგან ის გამოარჩევს, რომ სპეციალურად შედგენილი მენიუთი გათვალისწინებულ კერძებს სტუმრები - პატარა შეფის ამავე კერძების შექმნის მხიარული, მხატვრული ანიმაციის ნახვის შემდეგ აგემოვნებენ. სასტუმრო Pullman-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ბრენდის შემოყვანა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეძლეს. სასტუმროში იმასაც ამბობენ, რომ დღეს, საქართველოში Le Petit Chef-ის ანიმაციური გასტროთავგადასავლისადმი ინტერესი დიდია და ერთ წარმოდგენას ერთდროულად 12 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია, კვირაში კი 6 ვახშამი იმართება.
„Le Petit Chef-ი მსოფლიოში ძალიან ცნობილი შოუ-ვახშმის კონცეფციის წარმოდგენაა. ჩვენი სასტუმრო და ფრანგული სტილის რესტორანი 36-ე სართულზეა, ამიტომ ძალიან გვინდოდა მათთან კომუნიკაცია და ამ პროექტის ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან თბილისში შემოტანა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შედეგად, შემოვიყვანეთ რესტორან დიუმაში და საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. ეს ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო შოუა, როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, საკმაოდ დასამახსოვრებელი და კერძებიც ჩვენი შეფ-მზარეულის მიერაა შერჩეული, რომ მიესადაგოს როგორც შოუს, ასევე ფრანგულ გემოებს, ჩვენი რესტორნის ხარისხს.
როდესაც Le Petit-ი სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორს არჩევს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალი სტანდარტის რესტორანი, საკმაოდ მტკიცე, საერთაშორისო გაიდლაინებით. ამ ეტაპზე ბრენდთან ერთწლიანი თანამშრომლობა გვაქვს, რაც შეიძლება გაგრძელდეს.
Le Petit Chef-ს ხუთი სხვადასხვა პროგრამა აქვს. ამ ეტაპზე თბილისში, სასტუმრო Pullman-ის რესტორან Dumas-ში პირველი, საწყისი, introduction პროგრამა გვაქვს. უახლოეს მომავალში, დაახლოებით შემოდგომიდან, უკვე მეორე პროგრამის დამატებას ვგეგმავთ, რაც განახლებული მენიუთი და შეთავაზებით უფრო საინტერესო იქნება“, - აღნიშნა თათია ჩიკვაიძემ.

რესტორან Dumas-ში Le Petit Chef -ს წარმოდგენაზე მაგიდები 2-3 კვირით ადრე იჯავშნება. როგორც სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, ამ დროისთვის მომდევნო 2-3 კვირის პერიოდზე მაგიდები შევსებულია. რაც შეეხება კულინარიული შოუ-პროგრამის ღირებულებას, თათია ჩიკვაიძე განმარტავს:
„დიდი დაინტერესებაა როგორც ქართველების, ასევე უცხოელების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.
ოთხი სხვადასხვა მენიუ გვაქვს - არის საბავშვო, ვეგანური, სტანდარტული და პრემიუმ მენიუები. საბავშვო მენიუს ღირებულება 80 ლარია და პრემიუმის კი 295 ლარი. 3D შოუთი წარმოდგენილი ოთხკერძიანი მენიუები საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე“.
ცნობისთვის, პროექტი Le Petit Chef 2015 წლის აპრილში, ბელგიაში, სტუდია Skullmapping Studios-ის მიერ შეიქმნა და უკვე ათწლეულია მსოფლიოს 50 ქვეყანაში, 130-ზე მეტ რესტორანთან პარნიორობით კულინარიით დაინტერესებულებს და საინტერესო გამოცდილების მიღების მსურველებს კერძებთან ერთად სთავაზობს წარმოდგენას, რომელიც მხატვრული ხედვისა და 3D პროექციული მეპინგის (mapping) მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმით შთამბეჭდავი უნიკალური ვიზუალური ეფექტებით ისტორიას ქმნის. Le Petit Chef-ის წარმოდგენებს ყოველწლიურად 0.5 მლნ ადამიანი სტუმრობს და კერძებს აგემოვნებს.





























