საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 6 ნივთიერების ოდენობები, ხოლო ერთ ნივთიერებაზე ახალი ოდენობები განისაზღვრება.
ეს ნივთიერებებია: გამა-ოქსიერბო მჟავა; დმტ (დიმეთილტრიფტამინი); ალფა-პვპ; ბენზილპიპერაზინი; მდპვ; მეფედრონი და აბ-პინაკა. კანონით მათი ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტით გათვალისწინებული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრამ, შესაძლოა, ზოგიერთი მსჯავრდადებულისთვის გამოიწვიოს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, რა დროსაც კანონი გავრცელდება უკუძალის წესით.
ინიციატორები ელიან, რომ კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რადგან, გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ამ კანონის მიღების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს, ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაც შემოსავლის სახით აისახება ბიუჯეტზე.
კანონპროექტის ინიციატორები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.