2026 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლებისა და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია, ასევე მათი მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანი შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა და უბედური შემთხვევების პრევენციაა.
სააგენტოს მონაცემებით, რეგულაციის გამკაცრება სტატისტიკითაა განპირობებული: 2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი დაფიქსირდა. ახალი წესები გავრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც შიდა წყლებში ნაოსნობას ან მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს.
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული ტრანსპორტის რეგისტრაციის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს. რეესტრში გატარებამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის ორგანიზაციაში უნდა გაიაროს.
სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრული თითქმის ყველა სახის ტრანსპორტი:
- კატარღები და იახტები;
- მოტონავები და ჰიდროციკლები;
- კატამარანები და სამგზავრო პლატფორმები.
რა შემთხვევებში არ ვრცელდება რეგულაცია? ახალი წესები არ შეეხება კაიაკებსა და პირადი დანიშნულებით გამოყენებულ (არაკომერციულ) გარკვეულ მცურავ საშუალებებს. ასევე, რეგისტრაცია არ სჭირდება იმ ნავებს, რომელთა სიგრძე 3 მეტრზე ნაკლებია და არ გააჩნიათ ძრავი.
1-ელი ივლისიდან ძრავიანი ტრანსპორტის გამოსაყენებლად აუცილებელი იქნება მართვის სპეციალური სერტიფიკატის ფლობა. დოკუმენტი 5 წლის ვადით გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირებზე, რომლებიც შესაბამის კურსს გაივლიან.
ამ ეტაპზე, სააგენტოს მიერ აღიარებული გადამზადების პროგრამა მხოლოდ ერთ სივრცეში სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრშია ხელმისაწვდომი.
ივლისიდან ამოქმედდება ჯარიმები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის შიდა სახმელეთო წყლების გემების რეესტრში ნებაყოფლობით უკვე დარეგისტრირდა 16 ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო მართვის სერტიფიკატი 38-მა ფიზიკურმა პირმა აიღო.
ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან, წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და მფლობელები დაჯარიმდებიან.

























