საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, "ხალხის ძალა" მზად არის ჩაერთოს შესაბამის კონსულტაციებში.
"გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.
ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება.
რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.
სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, "ხალხის ძალა", მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში",- აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. გადაწყვეტილებას სექტორი აპროტესტებს. საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების გროვდება.




























