2026 წლის 6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში 143.2 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წლიურად 115%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში ჩინეთის 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114.7%-ით [76.5 მლნ ლარით] გაიზარდა.
2026 წლის 6 თვეში ჩინეთიდან ჯამში 54 554 ვიზიტი შედგა, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2 625 ლარი იყო.
ვიზიტების ამ მაჩვენებლით ჩინეთი ვიზიტორების რაოდენობით ლიდერ ქვეყნებში მე-8 ადგილს იკავებს, თუმცა მისი წილი ტურიზმში ჯერ კიდევ მცირეა და მხოლოდ 2%-ს შეადგენს.
მიმდინარე წლის აპრილში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებული წესით 1 482 080 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-ის. კომპანიამ ჩინეთში 2026 წელს მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის წარმოება უნდა უზრუნველყოს.




























