მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში “ლაბუბუს” შემქმნელი PopMart-ის მოგება 350%-ით გაიზარდა

PopMart

გლობალურად პოპულარული "ლაბუბუს" სათამაშოს შემქმნელი, ჩინური კომპანია PopMart-ი აცხადებს, რომ წლის პირველ 6 თვეში მისი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, პეკინში ბაზირებული კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდში PopMart-ის მოგება 350%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი გასამმაგდა.

PopMart-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $40 მილიარდია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოგების ზრდა ხარჯების ოპტიმიზაციამ და გლობალურად ბრენდის ცნობადობის ზრდამ განაპირობა.

ბოლო რამდენიმე თვეა, კოლექციონერთათვის ახალი გამოწვევა ვირუსულად გავრცელებული ლაბუბუს სათამაშოების შეგროვებაა - ელფის მსგავსი არსებებისგან მაღაზიების თაროები წუთებში ცარიელდება, მათ შესაძენად კი მსოფლიოს არაერთ წერტილში მომხმარებელთა გრძელი რიგები დგება.

PopMart-ის მთავარი ხაზი ლაბუბუს მსგავსი სათამაშოების მისტიკურ ყუთებში გაყიდვაა - პროდუქტს შეფუთვა ფარავს იმგვარად, რომ მყიდველისთვის მისი შიგთავსი გახსნამდე სიურპრიზად რჩება. ეს მარკეტინგული გათვლა საზოგადოებისგან კრიტიკასაც იმსახურებს; მომხმარებელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მსგავს მდგომარეობასა და იძულებით ვაჭრობას ახალისებს.

აღსანიშნავია, რომ PopMart-ის აქციები ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე 2020 წლიდან იყიდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი თითქმის 600%-ით გაიზარდა. კომპანიის მიერ ჩინეთის გარეთ შესრულებულმა გაყიდვებმა კი 2024 წლის შემოსავლებში 40% დაიკავა, თავად ლაბუბუს გაყიდვები აშშ-ში კი, 2023 წელთან შედარებით, 5000%-ით გაიზარდა. პოპულარობის ზრდის ფონზე, PopMart-მა ისეთ ბრენდებთან დაიწყო კოლაბორაცია, როგორიც, მაგალითად, Coca-Cola-ა.

ჩინეთში Popmart-ის 400-მდე მაღაზია ფუნქციონირებს, 40-მდე მცირდება ეს რიცხვი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, სადაც ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კომპანიას ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები