მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი FDI ჩინეთიდან შემოვიდა | TOP-10 ინვესტორი ქვეყანა

ჩინეთ საქართველო

საქსტატმა 2026 წლის პირველი ნახევრის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც წინასწარი შეფასებით პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის სახით ჯამურად 750 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 211 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი მოცულობის - 236 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩინეთიდან შემოვიდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩინეთიდან ინვესტიციები პირიქით უარყოფითი იყო და მინუს 29 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რას უკავშირდებოდა ინვესტიციების ეს მოცულობა, შესაძლოა ეს ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაში არსებული "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შესყიდვისთვის განხორციელებული ოპერაციებით იყოს განპირობებული, სხვა მსხვილი გარიგება წლის პირველ ნახევარში ჩინური ბიზნესის მონაწილეობით არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება მეორე პოზიციას, მას გაერთიანებული სამეფო იკავებს 176 მილიონი დოლარით. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის მშობელი კომპანია და ერთი მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია იურიდიულად სწორედ დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული და საქსტატი მათ ოპერაციებს სწორედ FDI-ის სტატისტიკაში აღრიცხავს. შესაბამისად, ბრიტანეთი ყოველწლიურად წამყვან პოზიციას იკავებს ინვესტიციების სტატისტიკაში. მესამე ადგილზეა მალტა 63 მილიონი დოლარით.

ამასთან, მკვეთრად 366%-ით გაიზარდა ინვესტიციები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების დაწყებასთან.

# ქვეყანა FDI 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
1 ჩინეთი $236 წინა წელს ინვესტიციები უარყოფითი იყო და მინუს $29 მლნ-ს შეადგენდა
2 გაერთიანებული სამეფო $176 -45%
3 მალტა $63 42%
4 აშშ $58 65%
5 არაბთა გაერთიანებული საამიროები $52 366%
6 აზერბაიჯანი $45 -23%
7 გერმანია $38 27%
8 რუსეთი $37 -34%
9 ისრაელი $32 -65%
10 მარშალის კუნძულები $27 -13%

საქსტატი შემომავალ ინვესტიციებთან ერთად უარყოფითი მოცულობის ინვესტიციებსაც აღრიცხავს. ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს კაპიტალის გადინება, ინვესტორისთვის ვალის დაბრუნება ან უცხოელი ინვესტორის მიერ აქტივის ქართულ კომპანიაზე გადაცემა. მაგალითად, თუ უცხოური კომპანია საქართველოში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქარხანას ქართულ კომპანიას გადასცემს, სტატისტიკაში ეს ოპერაცია მინუს 100 მილიონ დოლარად აისახება, რადგან აქტივი უცხოელი ინვესტორის ბალანსიდან გადის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ინვესტიცია რეალურად 100 მილიონი დოლარით შემცირდა - ქარხანა კვლავ საქართველოშია და მისი ღირებულება ისევ 100 მილიონი დოლარია.

უარყოფითი მოცულობის ინვესტიციები 2026 წლის პირველ ნახევარში რამდენიმე ქვეყნიდან აღირიცხა, ესენია უნგრეთი მინუს $4 მლნ; დანია მინუს $5.5 მლნ; ჩეხეთი მინუს $16.5 მლნ; კვიპროსი მინუს $45 მლნ და ნიდერლანდები მინუს $155 მლნ.

ამ ქვეყნებს შორის ორი ქვეყნის იურისდიქცია - კვიპროსი და ნიდერლანდები აქტიურად გამოიყენება ქართული კომპანიების მიერ მათი ორგანიზაციული სტრუქტურისთვის, მათ შორისაა მეტალურგიული და მძიმე მრეწველობის კომპანიები, შესაბამისად ამ კომპანიების მიერ სავალო ვალდებულებების მომსახურება ან გარკვეული აქტივების ქართულ კომპანიებზე გადაცემა უარყოფით ინვესტიციებად შეიძლება აღირიცხოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები