თბილისში, კოსტავას 59-ში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ნაცვლად 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის მშენებლობა დასრულებულია და ახლა მხოლოდ ძველი შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც BM.GE-ის საინვესტიციო კომპანია „გრანატ ჰოლდინგის“ თანადამფუძნებელმა მერაბ ჩიხრაძემ განუცხადა, "Hilton" 2021 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. მისივე თქმით, სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულება 60 მლნ დოლარია.
„რესტავრაციის ნაწილი უპრობლემოდ მიმდინარეობს, მაგრამ რეკონსტრუქცია მაინც პრობლემურია, რადგან ძალიან ძველი შენობაა, აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო გვეხარჯება.
მიუხედავად ამისა, ახალ შენობაში საჩვენებელი ოთახი დასრულების სტადიაშია და ოქტომბრის ბოლოს ამ ოთახის შესამოწმებლად "Hilton"-ის წარმომადგენელი ჩამოდის, ასევე ჩამოვა იტალიელი დიზაინერი არქიტექტურის სფეროში პიერო ლისონი თავის ჯგუფთან ერთად, ვისი დიზაინითაც "Hilton" იქმნება,“ - განაცხადა მერაბ ჩიხრაძემ.
ცნობისთვის: თბილისში, კოსტავას ქუჩის 41-ში, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაეყარა. სასტუმროს გარე, კონცეპტუალურ არქიტექტურაზე ბრიტანული კომპანია Reardon Smith Architects-ი, შიდა ინტერიერის დიზაინზე კი, იტალიელი დიზაინერი პიერო ლისონი მუშაობს.
Hilton-ის 9 სართულიანი შენობის ბოლო სართულზე პანორამული რესტორანი განთავსდება. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ასევე მოეწყობა: სპა და აუზი, რომელიც სეზონი მიხედვით იხურება და იხსნება. ხოლო ძველი შენობის კოშკის ბოლო სართულზე განთავსდება VIP ROOM, რომელიც სპეციალური ღონისძიებებისთვის იქნება გათვლილი.