ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში, ზღვისპირა ზოლში 60 მლნ ლარის ინვესტიციით, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება. ამის შესახებ სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მიერ 10 თებერვალს გამოცემული ბრძანებიდან ირკვევა, რომლითაც ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტს ხელს სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური აწერს.
ბრძანების თანდართული განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის პროექტის დამკვეთი რუსლან კაკაბაძეა, რომელიც 2023 წელს დაფუძნებული კომპანია „რკ ქლაბჰაუსის“ 100%-იანი წილის მფლობელია. სწორედ ეს კომპანია ფლობს ურეკში 40 423 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთს.

კომპანია „ურბანიკას“ მიერ მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 600 ნომერზე/ბინაზე გათვლილი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობა იგეგმება. პროექტი ასევე ითვალისწინებს, რესტორნის, გასართობი ზონების, აუზის და სპა-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობას. ტურისტული კომპლექსის მოწყობით კი კომპანია „რკ ქლაბჰაუსია“ დაინტერესებული, რომელიც 60 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.
განვითარების დეტალური გეგმის მიხედვით, პროექტი ორი მაღლივ და ერთ განივ შენობას აერთიანებს, აქედან ერთი 24, მეორე 13-სართულიანია. მესამე განივი კი 8-სართულიანია. გეგმის ავტორები აღნიშნავენ, რომ განივი შენობა სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება და სხვა საზოგადოებრივს ფუნქციას (სპა, აუზი, ფიტნეს სივრცე, ლობი, კვების ობიექტები) შეასრულებს; მაღლივ შენობებში კი საცხოვრებელი ბლოკების ფუნქციით იქნება.

„ურეკი გამოირჩევა სამკურნალო თვისებების ქვიშით, არის კარგი ჰავა და არის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ მიწაზე მოვაწყოთ თანამედროვე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი. ეს პროექტი არა მხოლოდ გაზრდის ურეკის, როგორც კურორტის ტურისტულ პოტენციალს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. სასტუმროს ტიპის საცხოვრებლის მშენებლობის შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება ინფრასტრუქტურა და გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება, რაც ინვესტორებისა და მცხოვრებლების ინტერესს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა, საპროექტო ტერიტორიაზე გაჩნდება სარეკრეაციო, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები, ასევე ზღვაზე გასასვლელი საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა შენობამდე მისასვლელი გზა და შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილი. შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო საინჟინრო ინფრასტრუქტურით. ტერიტორიის გეგმარებისა და განაშენიანებისთვის გამოვიყენებთ საერთაშორისო და ქვეყანაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას", - ნათქვამია დოკუმენტაციაში.
საპროექტო ტერიტორიის 40 423 კვ.მ. ფუნქციურად - ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიად, სპეციალურ ზონა 2-ად და საკურორტო ზონად იყოფა. აქედან მშენებლობა 24 119 კვ.მ-ზეა დაგეგმილი, არასამშენებლო ტერიტორია კი 15 433 კვ.მ.-ია.
„საპროექტო ტერიტორიის მთავარი კონცეფცია სარეკრეაციო, სპორტული, გამაჯანსაღებელი, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობაა. მოეწყობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება 6-მეტრიანი ორმხრივი სამანქანო გზები და მთელს ტერიტორიაზე მოწყობილი საფეხმავლო ბილიკები. მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. ასევე პროექტის ფარგლებში ზღვაზე გასასვლელი საფეხმავლო ბილიკები“, - აღნიშნულია განვითარების დეტალურ გეგმაში.

განვითარების დეტალური გეგმაში აღნიშნულია, რომ „რკ ქლაბჰაუს“-ს აქამდე „მანდარინ ქლაბჰაუს“ (ფუნქცია სასტუმრო, კაზინო-რესტორანი) „ბულვარის კარიბჭე“ (მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლი) და „Tapis Rouge“ (სასტუმრო-საცხოვრებელი) პროექტები აქვს განხორციელებული.




























