მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს

57d13348aaf91
BM.GE
08.09.16 13:36
2676
600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს, - ბიზნესის სახლის პროექტს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მმართველობითი რეფორმის ნაწილის კომპონენტია, საფუძველი დღეს ჩაეყარა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს.

მათ შორისაა - სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სერვისები, ბუნებრივი რესურსების ლიცენზიები, მშენებლობის ნებართვები, ენერგეტიკული პროექტები, სოფლის მეურნეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამები, პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“, რომელთან დაკავშირებულ სერვისებს ბიზნესს მეწარმეობის განვითარების სააგენტო აწვდის, საპარტნიორო ფონდის სერვისები და ა.შ.

ჯამში, საუბარია 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომელსაც ბიზნესი დღეს სახელმწიფოს მხრიდან იყენებს და ყველა მათგანი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.

„ეს არის მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სერიოზულ ცვლილებას მოიტანს სახელმწიფოში ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფციის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ჩვენ ვიწყებთ მმართველობითი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სივრცეში, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება ჩვეულებრივი მომსახურების ზონა, VIP-მომსახურების ზონა და პრინციპი - „ყველგან ყველაფერი“, ანუ საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ბიზნესსახლში, სადაც ბიზნესის წარმომადგენელი მივა, ყველა სერვისი ერთ ადგილას იქნება ხელმისაწვდომი. მას შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს სერვისი წინასწარ და ის ადგილზე მიაწოდონ. ასევე, განხორციელდება პრინციპი - „მხოლოდ ერთხელ“, ანუ, როდესაც ბიზნესის წარმომადგენელი პირველად გამოიყენებს ამ სერვისს და საკუთარ თავზე სახელმწიფოს მიაწვდის ინფორმაციას, მას ამის მეტჯერ გაკეთება აღარ მოუწევს. ინფორმაცია შეინახება და ნებისმიერ სხვა სახელმწიფო სააგენტოში მომსახურების მისაღებად მისვლის დროს, ბიზნესს აღარ მოუწევს ამ მომსახურების ყიდვა და მეორედ მიწოდება. ეს იქნება დროის და რესურსის, მათ შორის ფინანსურის დაზოგვა და ამასთანავე, ერთ, გამჭვირვალე სივრცეში მიწოდებული სერვისები, თავისთავად ამცირებს კორუფციის რისკებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები