კალიფორნიის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამერიკულ ტექ-გიგანტ Apple-ს სამედიცინო კომპანია Masimo-სთვის $634 მილიონის გადახდა მოუწევს. როგორც სასამართლოს დადგენილებიდან ვიგებთ, საქმე ეხება Apple-ის მიერ საკუთარ საათებში ისეთი ტექნოლოგიის უნებართვოდ გამოყენებას, რომელიც Masimo-ს ჰქონდა დაპატენტებული. საუბარია სისხლში ჟანგბადის შემცველობის დამდგენ ტექნოლოგიაზე, რომელიც Apple Watch-ებშია განთავსებული და მომხმარებელს მონაცემებს მუდმივად აწვდის.
მოსამართლის გადაწყვეტილებას Apple-ის იურისტები უკვე გამოეხმაურნენ. ისინი ვერდიქტს უსამართლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საკითხს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, ორ კომპანიას შორის დავა მხოლოდ დაპატენტებული პროდუქტის არალეგალურად გამოყენებას არ ეხება. როგორც Masimo-ში განმარტავენ, Apple-მა ჯანმრთელობის მონიტორინგის ტექნოლოგიის განვითარებაზე მომუშავე მეცნიერები გადაიბირა და სამედიცინო კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტის იდენტური მოდელი სწორედ ამ გზით შექმნა. სამართლებრივი დავა 2022 წელს დაიწყო.
უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, თუმცა თუ დადგინდება, რომ Apple-მა Masimo-ს ინტელექტუალური საკუთრება მოიპარა, ტექ-გიგანტი რთული ვითარების წინაშე აღმოჩნდება. სავარაუდოდ, მას საკუთარი საათების დიზაინის ისე შეცვლა მოუწევს, რომ მასში Masimo-ს კონკურენტი კომპანიის ტექნოლოგია განთავსდეს.




























