მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

67 დღეში მთავრობას 3,4 მლრდ ლარი აქვს დასახარჯი - რატომ ჩამორჩება ხარჯვა გეგმას

5bd3913377b80
თელარა გელანტია
27.10.18 11:35
2651
2018 წლის ბოლომდე მთავრობას 3,411,400,000 ლარი აქვს დასახარჯი.

საქმე იმაშია, რომ 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 12,459,500,000 ლარია, ხოლო 25 ოქტომბრის მდგომარეობით, 9,048,100,000 ლარია დახარჯული.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დარჩენილი თანხის წლის ბოლომდე დახარჯვას და გეგმის შესრულებას შეეცდება, სავარაუდოდ, ამას ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით გარკვეული გავლენა ექნება;

თუმცა როგორც bm.ge-ის რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა, „ფაქტობრივი ხარჯი ამ წელს ალბათ არ მოესწრება“, მაგრამ საინტერესოა ის, რომ მიუხედავად ამისა, 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები არ შევა.

„მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ შევა. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ. ფაქტობრივი ხარჯი ამ წელს ალბათ არ მოესწრება. გამომდინარე აქედან, ლარზე ზეწოლას ამით არ მოვახდენთ. თუმცა, წელს ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გეგმით გათვალისწინებული თანხის ვერდახარჯვის მიზეზი რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპია, ამას ფინანსთა მინისტრის მოადგილეც ადასტურებს.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმასთან ჩამორჩენის მიზეზი რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო პროცედურებია.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებში ათვისების ტენდენცია არ იყო იმდენად მზარდი, როგორც თუნდაც გასულ წელს. 2017 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ათვისების ტემპები. წელს ათვისებასთან დაკავშირებით არის რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეცვლის ათვისების მაჩვენებელს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – რიკოთიდან ზესტაფონის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობის გარკვეული მონაკვეთები, ასევე, გუდაურის მიმართულებით ახალი გვირაბისა და გზის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც დაახლოებით 300 მილიონ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში“, – განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ ამ პროექტებზე ჯამურად წელს შესაძლოა, დაახლოებით 600 მილიონი ლარი დაიხარჯოს.

„თუმცა არ არის საბოლოოდ დასრულებული სატენდერო პროცედურები და როგორც დასრულდება, იმის მიხედვით მოხდება ამ თანხების გადაცემა, ან გადანაწილება შემდეგ წლებზე“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები