7-9 ოქტომბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესია გაიმართება. სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
სესია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სესიაზე განიხილება ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის:
- რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე;
- ალიანსის ღია კარის პოლიტიკა; ნატო-ს ადაპტაცია გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ;
- ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები; ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა;
- არქტიკის უსაფრთხოება; სამხედრო ტექნოლოგიები და ინოვაცია;
- კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები;
- ჩინეთი და გლობალური სამხრეთი; ეროვნული და კოლექტიური მედეგობის გაძლიერება და სხვა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, საპარლამენტო უმრავლესობიდან, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი შედიან.