ამასთანავე, მამუკა ხაზარაძემ დეტალურად აღწერა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც $17 მილიონი დოლარის სესხებას უძღვოდა წინ.
მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ გააკეთა მინიშნება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, როდესაც ახსენა რომ სებ-მა თავდაპირველად TBC 10,000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც თავად კობა გვენეტაძემ ურჩია, რომ აჯობებდა, თუ ამ გადაწყცეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა. სხდომაზე სხვა არაერთი გარემოების შესახებაც გახდა ცნობილი, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას და მასში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას ააშკარავებს.
1 TBC ბანკმა პროგრეს ბანკის აქტივები ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეიძინა:
2016 წლის 19 ოქტომბერს TBC ბანკმა სოსიეტე ჟენერალის კუთვნილი ბანკი რესპუბლიკის შეძენის შესახებ გაავრცელა განცხადება. ამავე განცხადების მიხედვით, TBC-იმ ბიძინა ივანიშვილთან და კახა კალაძესთან აფილირებული “პროგრეს ბანკის” 106 მილიონი ლარის აქტივებიც შეიძინა. როგორც დღეს ირკვევა, ეროვნული ბანკი თავდაპირველად ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სწორედ ამიტომ TBC-ის და “რესპუბლიკას” გაერთიანება შეჩერდა. პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიძრა, რაც მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რა დროსაც ივანიშვილი TBC-ის მიერ “რესპუბლიკას” შეძენას დაეთანხმა და ამავდროულად, მამუკა ხაზარაძეს პროგრეს ბანკის შეძენაც სთხოვა. “პარიზში წავედი; შევხვდი “სოსიეტე ჟენერალის” გენერალურ დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ მათ სურდათ გასვლა საქართველოდან და არაერთი შეთავაზება ჰქონდათ, თუმცა რეპუტაციული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ხელშეკრულებას ჩვენთან გააფორმებდნენ. ამ ხელშეკრულებით დავბრუნდი კიდეც. თუმცა სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა გააჩერა ჩვენი გარიგება და გავიგეთ, რომ ერთ-ერთ ჩინური კომპანიას ესაუბრებოდა „სოსიეტე ჟენერალის“ ბანკის ყიდვაზე. ჩვენ ეროვნული ბანკის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით; მოგვიანებით, მოხდა ჩემი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან მიმდინარე საკითხებზე; იქ უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, თუ რატომ არ გვეძლევა ქართველებს საშუალება, რომ გავფართოვდეთ და ვიყიდოთ სხვა ბანკი-მეთქი. საუბარში ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ისიც ასე ფიქრობდა და დაადასტურა, რომ სწორედ წარმატებულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ეს გარიგება... საუბარში წამოვიდა, რომ იქნებ „პროგრესს ბანკი“ გეყიდათო. მე ვიცოდი, რომ ეს ბანკი ძალიან პატარაა და ისიც ვიცოდი, რომ არაფერი მანდ გასაკუთრებული არ ხდებოდა. ჩვენ შევედით „პროგრესს ბანკში“, ჩავატარეთ აუდიტი და მივიღეთ ეროვნული ბანკისგან თანხმობა. საბოლოო ჯამში, „პროგრეს ბანკი“ არ გვიყიდია. ვიყიდეთ მხოლოდ ჯანმრთელი აქტივები და ამის მერე მოხდა ეროვნული ბანკის მიერ „პროგრეს ბანკის“ დახურვა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია”, - განაცხადა ხაზარაძემ.
2 კიბერშეტევა TBC ბანკზე და სამართალდამცველთა მხრიდან დაგვიანებული რეაგირება:
მამუკა ხაზარაძის თქმით, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც TBC ბანკზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან ზეწოლა ძლიერდებოდა, მასზე ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რომელშიც ბანკის IT სამსახურმა შეტევის წყაროს მიაგნო. საქართველოს უმსხვილეს ბანკზე ჰაკერული თავდასხმის განხორციელებას ხაზარაძის თქმით, სამართალდამცველებისგან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. “ბანკში სხვადასხვა უწყებების შემოსვლა საეჭვოდ ემთხვევა ჩვენზე განხორციელებულ კიბერშეტევებს. TBC გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენ ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენ არამარტო დავიცავით ეს კიბერშეტევა და დავიცავით სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს, მას მერე 5 წერილი მივწერე მინისტრს გამოძიებასთან დაკავშირებთ. 1 კვირის წინ მივიღე ვიღაც გამომძიებლის წერილი, რომ თურმე კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზე. ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის ამ კომპიუტერებთან. ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები, საიდანაც ბოტები და ფაბრიკები იმართება ჩვენს მიმართ, ბოლო პერიოდს თუ დააკვირდებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.
3 “პოლიტიკოსები და რაღაცეებიო” - კობა გვენეტაძის პასუხი მამუკა ხაზარაძეს 10,000 ლარით დაჯარიმების შესახებ
დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის სებ-ის პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს უნდობლობას უცხადებს. აღნიშნულის მიზეზების განმარტებისას მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა მისი და კობა გვენეტაძის საუბრის შინაარსი, რომელიც სებ-მა $17-მილიონიანი ტრანზაქციის განხორციელებისთვის TBC-ის გამოუწერა. დაჯარიმების მიზეზებზე საუბრისას მამუკა ხაზარაძის თქმით, კობა გვენეტაძემ ახსენა, რომ ამის მიზეზი “პოლიტიკოსები და რაღაცეები” იყო. ხაზარაძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შესთავაზა გვენეტაძემ ხაზარაძეს საკუთარი სიმართლის სასამართლოს გზით დაცვა. “მე ნამდვილად ვერ გეტყვით და არ მსმენია შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნულ ბანკის ტანდემის შესახებ. უბრალოდ, როდესაც 10,000 ლარით დაგვაჯარიმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მივედი და ეს კითხვა დავუსვი, მე მაშინ არ მეგონა, რომ თურმე ამდენი რაღაც ხდება კულისებში. ხელი აწია კობამ და თქვა: აი პოლიტიკოსები და რაღაცეებიო.... მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი, ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მითხრა, რომ იქნება მიჩივლო სასამართლოშიო. ვიფიქრე ალბათ, კაცი გამოუვალ მდგომარეობაშია და ჩვენ შევედით სასამართლოში. მერე ეტყობა ეს 10,000 ლარი არ მოეწონა ვიღაცას და დაგვაჯარიმეს 1,000,000 ლარით“, - განაცხადა ხაზარაძემ.
4 ვალების განულების პროგრამა ზეწოლით წარიმართა, TBC-იმ 120 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი ბიძინა ივანიშვილის ფონდს 3 მლნ ლარად დაუთმო:
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართუ ფონდის მიერ ორგანიზებული “ვალების განულების” პროგრამაში TBC ბანკმა 120 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი მხოლოდ 3 მილიონ ლარად დათმო. TBC-ის დამფუძნებლის თქმით, არსებობს ალბათობა, რომ ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა მომავალში განაცხადონ, რომ ეს ჩამოწერა არ მომხდარა ადეკვატური ღირებულებით, რის შესახებაც TBC ოფიციალურ პასუხს ეროვნული ბანკისგან ითხოვდა, თუმცა სებ-მა პროგრამის ორგანიზებაში მისი ჩართულობის მიუხედავად, ამ კითხვას უპასუხა, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებოდათ.
"ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარით, თქვენ რომ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მლნ-იანი პორტფელი ამ მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, 3 წლის მერე ახალი სების პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იურკში თქვს, რომ რატომ ჩამოწერეთ 120 მლნ 3 მილიონად?! ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო. კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120 მილიონიანი ჩამოწერა? სებ-ისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის?! თუმცა ისინი ყველა შეხვედრაზე ესწრობოდნენ ფინანსთა სამინისტროთან ერთად“, - განაცხადა ხაზარაძემ.
5 გიორგი გახარიას მუქარა:
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მასზე ზეწოლის მოხდენას შს მინისტრი გიორგი გახარია ცდილობდა: “წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
6 დაზიანებული ანაკლიის პორტის პროექტი:
ანაკლიის პორტის პროექტს უკვე ძალიან დიდი ზიანი მიადგა იმ რამდენიმე განცხადებით, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, დეპუტატების წინაშე განაცხადა TBC-ის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ. “ხაზი მინდა გავუსვა ასეთი ტიპის დაპირისპირება და ასეთი ტიპის რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობა, გინდა თუ არ გინდა, დიდ ზიანს აყენებს თავად პროცესს. ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარი თანხის მოზიდვაზე, ამიტონ მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც ანაკლიის ბედი აღელვებს, ვიფიქროთ იმაზე, რომ ისეთი ნაბიჯი არ გადაიდგას, რომელიც ძალიან ფაქიზ და უმნიშვნელოვანეს ე.წ. ფანდრაიზინგის პროცესს ზიანს მიაყენებს. თუმცა რამდენიმე განცხადებით, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ძალიან დიდი ზიანი უკვე მიადგა. ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ იქნება თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ის კორპორაცია და მხარდაჭერა, რომელიც გვჭირდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
7 რატომ აიღეს $17-მილიონიანი სესხი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთანდილ წერეთელისგან?
დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე, TBC-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დეტალურად გაიხსენა ის გარემოებები, რომლებიც $17 მილიონი დოლარის სესხებას უძღვოდ წინ. როგორც ირკვევა, ბანკის კაპიტალის ზრდის შესახებ ეროვნული ბანკის მოთხოვნა სხვადასხვა შემაფერხებელი გარემოების გამო TBC-ისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა, რისი გადაჭრის მიზნითაც, ბანკი ახალი საერთაშორისო პარტნიორის მოზიდვას ცდილობდა, რასაც თავისმხრივ TBC-ის საერთაშორისო აქციონერთა მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ამ წინააღმდეგობის გადალახვა კი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან დიდი მოცულობის ფინანსური სახსრების მობილიზებას საჭიროებდა. ვალის აღებას კი 2008 წლის აგვისტოს ომი და გლობალური ფინანსური კრიზისი მოჰყვა. რა უძღვოდა წინ $17 მილიონის სესხებას
“ბანკი დავაფუძნეთ 1992 წელს. 2000 წელს ჩვენი ძალიან სერიოზული მუშაობით, ბანკის დამფუძნებელთა სტრუქტურაში ორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი შემოვიყვანეთ. 10-10%-ით ეს იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და გერმანიის განვითარების ბანკი. ეს იყო სტრუქტურა. მე და ბადრი ჯაფარიძეს 2007 წლამდე გვეკავა ბანკის 80%, 2007 2007 წელს თიბისი ბანკი გახდა საქართველოში ყველაზე დიდი ბანკი. ამ წელს იყო საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალი ზრდის მქონე წელი. შესაბამისად, ბანკი აგრძელებდა დაფინანსებას და რაღაც მომენტში ბანკმა დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა. ეს არის ნორმა, როდესაც სებ-ის დაწესებულ კაპიტალში ვერ ჯდები და გჭირდება კაპიტალის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ გჭირდება ახალი კაპიტალის მოზიდვა; ჩვენ არ მოგვეცა დრო თანხის მოძიებისთვის. ბანკს შეუწყდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების უფლება, ეს ჩვეულებრივ ნორმალურ ქვეყნებში 3-6 თვის ვადა არის. ჩვენ დავინახეთ, რომ ვკარგავთ ბიზნესის პოზიციებს.
მე მოგახსენებთ, მშრალად რაც მოხდა. დავიწყეთ ძიება ინვესტორის, რომელიც განახორციელებდა ბანკში ინვესტირებას. მე პირველივე დღიდან გახლავართ თავმჯდომარე სამეთვალყურეო საბჭოში. მე წელიწადში ოთხჯერ იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს. ვამტკიცებთ ბიუჯეტს, სტრატეგიას და ამ ოქმებს აწერ ხელს, რასაც ვაბარებთ ეროვნულ ბანკში. ჩვენ გვქონდა ორი მცდელობა, ერთ-ერთი იყო ისრაელის ყველაზე დიდი ბანკი, ლეუმი ბანკი, ერთ-ერთი აქციონერი, როდესაც ჩვენ გაგვაჩერეს, მოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენ უნდა გაგვეყიდა ბანკი. ჩვენ როდესაც საფინანსო ინსტიტუტი მოვიწვიეთ, მათ მივეცით ვეტოს უფლება. ბანკი ჩერდება, მოდის აქციონერი და გვეუბნება, რომ ბანკი უნდა გაყიდოთ. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ლეუმი ბანკთან, რომლითაც ისინი შემოდიოდნენ 19.9% ბანკში, ეს მოცულობა შეირჩა იმიტომ რომ ისრაელის ეროვნული ბანკი, როდესაც მისი რეგულირების ქვეშ მყოფი ბანკი სხვა ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტში გადააჭარბებს 20%-ს იქ სხვა მექანიზმები ირთვებოდა, ამიტომაც შეირჩა ეს რაოდენობა. ჩვენ შევთანხმდით საკმაოდ სერიოზულ მულტიპლიკატორზე. მე მინდა, რომ უბრალოდ გადახედოთ 2007 წლის ბანკების მულტიპლიკატორებს, მათ კაპიტალთან შედარებით - უკრაინაში რა გარიგებები მოხდა, რუსეთში და ასე შემდეგ. ეს იყო პიკი მსოფლიო ფინანსური მწვერვალების ეს წელი, რომელიც საბოლოოდ ძალიან ცუდად დასრულდა.
ებრაული ბანკის მიერ ამ დოკუმენტის მოწერის შემდგომ, ჩვენი ერთ-ერთი აქციონერი (საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი) მიემგზავრება ისრაელში ჩვენს გარეშე და ვეტოს ადებს ამ გარიგებას. ვეტოს დადებას მოჰყვა ის, რომ ლეუმი ბანკმა გვიჩივლა ჩვენ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რამეთუ მათ საკმაოდ სერიოზული თანხა ჰქონდათ დახარჯული due diligence-ზე, ანუ გარიგების მომზადებასა და შესწავლაზე. ისინი გაოცებული დარჩნენ, რომ ეს დოკუმენტი იქნა დაბლოკილი. ამ დროს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბანკი გაჩერებულია, ეკონომიკა კი, იზრდება - ჩვენ ვპატარავდებით და ბუნებრივია, სხვა იკავებს ჩვენ ადგილს. ამის მერე ბანკმა გადაწყვიტა დაექირავებინა მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ეს არის Meryll Lunch-ი, გეცოდინებათ თქვენც, რომელთანაც გავაფორმეთ კონტრაქტი და ვთხოვეთ მათ, რომ მოეძებნათ ჩვენთვის ახალი ინვესტორი. ახალი ინვესტორი იქნა ნაპოვნი, მათ იპოვეს ორი შესაძლო ინვესტორი, ერთი იყო OTP ბანკი, ეს არის საკმაოდ დიდი ევროპული ბანკი, ეს არის უნგრული ბანკი. მეორე ბანკი ეს არის Allied Irish Bank-ი, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი აღნიშნულ დროს. ჩვენ ავირჩიეთ ირლანდიელები, ისინი გვთავაზობდნენ 20%-ის შემოსვლას კაპიტალში.
გაფორმდა ხელშეკრულება ირლანდიელებთან, ასევე იურიდიულად სავალდებულო ხასიათის მქონე. მე მახსოვს, 40 ირლანდიელი იყო ჩამოსული ამ ბანკიდან და რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ბანკს. ამ დოკუმენტში წერია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ბაზარს, ანუ გავზარდოთ კაპიტალი, ჩვენივე საშუალებით, თუმცა ისინი ამბოდბდნენ, რომ ის თანხა, რასაც ჩვენ ჩავდებთ კაპიტალის გასაზრდელად, ისინი ამ თანხის გადაფინანსირებას მოახდენდნენ. ანუ აქ არის საუბარი 80 მილიონ დოლარზე. Allied Irish Bank-ი გვეუბნება, რომ ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის უბრალოდ ტექნიკური გაჩერება თქვენი საკითხი. თქვენ შემოიტანეთ თანხა და ჩვენ გაძლევთ დოკუმენტს, რომ ჩვენ ამ თანხას გადაგიფინანსებთ. გარდა ამისა, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვდებთ 20%-ში უკვე გაზრდილი კაპიტალიდან 2.5 კოეფიციენტით ინვესტირებას. ციფრებს გეტყვით, იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ გავჩერდით, ჩვენი კაპიტალი იყო 100 მილიონი დოლარი, საუბარია 200 მილიონი დოლარის შექმნაზე და 200 მილიონის 20% გამრავლებული 2.5-ზე ანუ ამ კოეფიციენტით შემოდიოდნენ ირლანდიელები.
ეს არის ეს დოკუმენტი, მე გაჩვენებთ ყველაფერს. ჩვენ ვაწერთ ირლანდიელებთან ამ დოკუმენტს ხელს და გავდივართ ბაზარზე მე და ბადრი ჯაფარიძე, რათა მოვიძიოთ სახსრები, სახსრები იმ გარანტიის ქვეშ რაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი ირლანდიურ მხარესთან. ვიპოვეთ ასევე დიდი ამერიკული კომპანია JP Morgan-ი და აშმორის ფონდი. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ჩვენ გვჭირდება თანხა, რადგანაც ვზრდით ბანკის კაპიტალს. როგორ დააბრუნებთ ამ თანხას? ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი ევროპის ყველაზე დიდი ბანკისგან. მათ უნდოდათ დაენახათ რომ ჩვენ ვიღებთ ამ რისკს არის გადაფინანსირების გარანტია და ასე შემდეგ. ვიღებთ $60 მილიონ დოლარს პერსონალურ სესხს მე და ბადრი ჯაფარიძე JP Morgan-ისაგან და აშმორის ფონდისაგან. მინდა გითხრათ რომ JP Morgan-ი დღესაც ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია ჩვენს ჯგუფში. იმისთვის, რომ ჩვენ 200 მილიონ დოლარზე ავსულიყავით, $10-10 მილიონს დებდა IFC და გერმანიის განვითარების ბანკი. საბოლოოდ, ჩვენ დაგვაკლდა 20 მილიონი დოლარი. 3 მილიონი დოლარი ჩვენ ვისესხეთ პიროვნულად ერთი ჩვენი მეგობარი ფრანგისგან, რომელიც იმ დროს იყო ბორჯომის ერთ-ერთი დირექტორი, რომელიც ჩვენთან 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, მან თავის პირადი სახსრები მოგვცა 3 მილიონის სახით. და ორ ქართველ ბიზნესმენთან, სასწრაფოდ გახდა ხელშეკრულების გაკეთება საჭირო, მეორეს არ დავასახელებ, პირველი გახლავთ ბატონი ავთო წერეთელი, თხოვნით მივმართეთ რომ სასწრაფოდ გვჭირდება 17 მილიონი დოლარი. ბუნებრივია მათგან იყო კითხვა თუ რისთვის გჭირდებათ? - მათ ვუთხარით რომ JP Morgan-მა ზუსტად ასეთი პირობებით მოგვცა $60 მილიონი ეს არის გარანტია გადახდის, ვხურავთ ამ გარიგებას აგვისტოს შუა რიცხვებში და გვჭირდება მოკლევადიანი სესხი თქვენგან იმისთვის, რათა ეს თანხა ჩაირიცხოს.
ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, ჩემი პარტნიორი და ძალიან ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობით, რამეთუ არაერთხელ როდესაც დაგვჭირვებია, ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას როდესაც ვხსნიდით, ავთო იყო ის ბიზნესმენი იყო ის ბიზნესმენი რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს. ეს იყო ყოველგვარი წინაპირობებისა და ხელშეკრულებების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ ხელის ჩამორთმევის დონეზე ურთიერთობებს ეს ძალიან წაადგება ეს ყველაფერს. მე არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და რა თქმა უნდა ეს სესხები არასდროს არ ყოფილა დაკავშირებული თიბისი ბანკთან. ასევე მინდა გითხრათ რომ არასდროს არცერთი ბიზნესი, თიბისი ბანკს არ ჰქონია არაპროფილური. ვერცერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ რომ თიბისი ბანკს ინვესტირება გაეკეთებინოს იმ ბიზნესში, რომელშიც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები. ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები თიბისის არ ეხება. სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ.
მე სატელეფონო საუბარს ვახორციელებ ავთო წერეთელთან, ვეუბნები, რომ “ავთო მჭირდება თანხა” მეკითხება რისთვის გჭირდება, და რა გარანტია მაქვს. ვპასუხობ რომ მაქვს გარანტია, 60 მილიონი უკვე ჩაგვერიცხა და შენ არ ხარ პირველი ვისგანაც სესხს ვიღებ. აგვისტოში ეს ყველაფერი სრულდება. ვიღებთ ავთოსგან 17-მილიონიან სესხს, 17%-ის საპროცენტო განაკვეთით. ჩვენთვის პროცენტს არამატერიალური დატვირთვა ჰქონდა, რადგანაც მთავარი იყო, რომ ეს ფული შეგვეკრა და დაგვეხურა ეს გარიგება. ამის შემდგომ, ლონდონში ხდება ჩვენი საბოლოო ხელის ჩამორთმევა Allied Irish Bank-თან, არის დიდი ბანკეტი და ამ ბანკის პრეზიდენტი მეუბნება, რომ შემდგომ კვირაში ჩამოვა საქართველოში დიდი ცერემონიით ვაკეთებთ ჩვენ ამ თემის აღნიშვნას. მე რა თქმა უნდა გახარებული ვარ, ვამბობ, რომ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ამხელა ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ინვესტიციით. გვიჭერდნენ საკმაოდ დიდ ტექნიკურ მხარდაჭერას, თანამშრომლები ჩამოჰყავდათ ტრენინგზე და ასე შემდეგ.
მე ვბრუნდები საქართველოში, 2008 წლის 8 აგვისტოს იწყება ომი, ყველაფერი დგება თავდაყირა, გახსოვთ რა მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი საბანკო სექტორი. მაშინ ჩვენ არ განგვიცხადებია, მაგრამ ჩვენ ყველა ბანკმა შევძელით ძალიან კრიტიკულ ვითარებაში ის პანიკა, რომელიც, ქვეყანაში იდგა არ გადაიქცა საბანკო კრიზისად და არ გახდა საბაბი მთელი ეკონომიკის ჩამოქცევის, თუმცა მინდა გითხრათ რომ ბანკები პრაქტიკულად გაკოტრებულები იყვნენ, მაგრამ ერთობლივი რაღაც “მაგიური ძალით”, შევძელით რომ პანიკა შეწყვეტილიყო და ბანკებს გაგვეგრძელებინა მუშაობა. მაგრამ რეალობა იყო სხვა, 5-დღიანი ომის შემდგომ ჩვენ გვიკავშირდება ისევ Allied Irish Bank-ი, და გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა რომ ომი მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა მძიმე ვითარებაშია ისინი მაინც შეასრულებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ოღონდ გადავდოთ რიცხვი და 15 სექტემბერს ჩამოვალთ და ამ დღეს დავასრულოთ ხელშეკრულების გაფორმება. ეს იყო წარმოუდგენელი მეგობრობისა და მხარდაჭერის ნიშანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ჩვენ მივედით სექტემბრამდე, უკვე ჩვენ შიდა პრობლემებს ვაგვარებთ, რაც შეგვიძლია და უკვე იწყება გლობალური ფინანსური კრიზისი.
სექტემბერში ჩამოიშალა Lehman Brothers-ი,მეორე ბანკი, რომელიც უმსხვილესი იყო და გაკოტრდა იყო Allied Irish Bank-ი. დავდექით სერიოზული კრიზისის წინაშე, უზარმაზარი ვალის წინაშე, გაჩერებული ბანკი კიდევ უფრო მეტად გაჩერდა, იცით რომ ამ დროს დეპოზიტების საკმაოდ სერიოზული გადინება მოხდა საბანკო სექტორიდან. ერთადერთი რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო ის რომ გადაგვერჩინა ბანკი. უკვე კრიზისული გეგმა შედგენილი იყო, ის მოიცავდა რამდენიმე ათასი ადამიანის გათავისუფლებას და ბანკი დაპატარავებას. ეს პერსპექტივა ნამდვილად არ გვინდოდა.
ამ დროს გავიგეთ, რომ ავთანდილ წერეთელს ეს სესხი ჰქონდა აღებული თიბისი ბანკისგან, მას ჰქონდა საკრედიტო ხაზი, როგორც ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელს, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი იმ პერიოდში. მრავალი კომპანია ჰქონდა მას სამგორის ჯგუფის სახელით გახსნილი. მას ჰქონდა $35 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი ამ პერიოდში . ეს შევიტყვეთ მას მერე, რაც ეს თანხა ჩამოეკიდა პრობელურად თიბისი ბანკს, და ჩვენი მონაცემებით იმ დროს მთელს საბანკო სისტემას 800 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე მოცულობის საკრედიტო ხაზი გაუფუჭდა. ძალიან სამწუხაროა, რომ იხილება მხოლოდ $17 მილიონი დოლარის თანხა, რომელიც თურმე ყველაზე პრობლემური იყო. ჩვენი ბანკის შემთხვევაში ეს იყო 200 მილიონი ლარი. ეს სესხი იყო მხოლოდ მცირე ნაწილი იმ სესხების, რომლებიც თიბისის უნდა მოეგვარებინა. გამოსავალი იყო ერთადერთი, რომ მოგვეძებნა ახალი თანხა, რათა გადაგვერჩინა ბანკი, არ გაგვეშვა თანამშრომლები სახლში.
მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კუთვნილი 80%-დან 60% დაგვეთმო ყოველგვარი ღირებულების გარეშე, იმის საპირისპიროდ, რომ ბანკს ჩამოშორებოდა 200 მილიონის ტოქსიკური კრედიტები და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 200-მილიონიანი კაპიტალის მქონე ბანკის 60%-ს ვთმობთ იმისათვის, რომ ბანკი გასუფთავდეს და ბანკმა დაიწყოს ახალი ფუნქციონირება, თანამშრომლები შევინარჩუნოთ და დავსახოთ ახალი მიზნები. ამას ვაკეთებთ ჩვენი აქციონერობა ჩამოდის 80%-დან 20%-მდე. ამ შემთხვევაში დაზარალებული ბანკს არავინ არ ჰყავს გარდა ჩემი და ბადრისა, ახალი ინვესტორები, მათ შორის JP Morgan-ი და სხვები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ 2009 წელს შემოვიდნენ ახალი კაპიტალით. ეს იყო დაახლოებით $40 მილიონი დოლარი, იმის საპირისპიროდ რაც ჩვენ დავთმეთ, მე აქ უკვე აღარ ვსაუბრობთ კოეფიციენტებზე და დაამატეს კიდევ $30 მილიონი დოლარი. რა ხდებოდა ამ პერიოდში, ამ დროს სებ-მა შეამოწმა თიბისი ბანკი, არავითარი კითხვა მათი მხრიდან არ დასმულა. მით უმეტეს რომ მათ იცოდნენ, რომ შემოდიოდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფი. ამავდროულად, ამ პერიოდში ჩვენი აუდიტორი იყო PWC, აქ მაქვს მათი დასკვნა, რომლითაც ასევე არავითარი წითელი დროშა აწეული არ არის.
ამის შემდეგ, 2009 წლის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ახალი ენერგიით, და შედეგი იცით რომ TBC ბანკი გავიყვანეთ მსოფლიო კატეგორიის ბირჟაზე და ვართ მათ პერიუმ ლისტინგში,"- ამბობს ხაზარაძე.

























