იმისთვის, რომ თბილისის ზღვის ზოოპარკი გაიხსნას, დამატებით 7 მლნ ლარია საჭირო, - როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, პირველადი გეგმის მიხედვით ახალი ზოოპარკი 2024 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ დროისთვის არარსებული ფულადი რესურსიდან გამომდინარე მისი გახსნა მინიმუმ 1 წლით გადაიწევს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი საკმაოდ დიდი ვოლიერის მშენებლობა, ზამთრის ვოლიერის მშენებლობა თითქმის დასრულდა და ამის შემდეგ დაიწყება გარე ვოლიერების მშენებლობა. იმედი გვაქვს მალე დასრულდება, თუმცა ზუსტი თარიღის თქმა გვიჭირს. ვიზიტორების მიღებისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, სანამ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება, ვიდრე არ გაკეთდება უსაფრთხოების ბარიერები და ა.შ. ცხადია, ვერ გაიხსნება.
ძალიან ბევრი საქმე კეთდება ჩვენი თანამშრომლების ხელით, ამიტომ დახარჯული ფული გაკეთებულ საქმესთან შედარებით არის ცოტა. იმისთვის, რომ ზოოპარკი სრულყოფილი იყოს, ძალიან ბევრია საჭირო, თუმცა გახსნისთვის 7 მლნ ლარია აუცილებელი. ჩვენ მერიას ვეკუთვნით, ეს არის სახელმწიფო დაფინანსება და ველოდებით მათგან მიმდინარე წლისთვის თანხის გამოყოფას“, - განაცხადა გურიელიძემ.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა 48 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. ახალი ზოოპარკი ბიო-გეოგრაფიული ოლქების მიხედვით დაიყოფა, სადაც ორი მთავარი მიმართულება კავკასიური და აფრიკული სავანა იქნება.
დაგეგმილია კოლექციის განახლება და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება. ახალი ზოოპარკი საკუთარი ინიციატივით არალეგალური ტყვეობიდან გათავისუფლებული ცხოველების რეაბილიტაციის ფუნქციასაც შეითავსებს.