მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 საერთაშორისო ბრენდი და 35 ფილიალი საქართველოში - GTEX-ის წარმატების ისტორია

საქართველოს ბანკი
20.11.24 14:06
212
სტატიაში საუბარია:

საქართველოში 2008 წელს ოპერირება დაიწყო კომპანია GTEX-მა, რომელიც დღეს საცალო სექტორში მომუშავე საერთაშორისო ბრენდების ერთ-ერთი მთავარი შემომყვანია ქვეყანაში. კომპანია ახლა 7 საერთაშორისო ბრენდის 35 ფილიალითა და 300-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი და განვითარებას განაგრძობს. ამ სტატიაში კი გიამბობთ, თუ რა გზა გაიარა GTEX-მა გასულ 16 წელში და როგორ იქცა იგი საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ საქართველოს ბაზარზე.

GTEX ტანსაცმლის, ავეჯის თუ საოჯახო ნივთების ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა OVS, Penti, English Home და სხვები. თუმცა ოპერირება წლების წინ მხოლოდ ერთი ბრენდით დაიწყეს.

„ჩვენი საქმიანობის დასაწყისი საინტერესო პერიოდს დაემთხვა. მაშინ საქართველოს ბაზარზე ამ ინდუსტრიის მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი იყო წარმოდგენილი. პირველი ბრენდი, რომელიც საქართველოში შემოვიყვანეთ, Collezione. სწორედ მან შეგვიქმნა ის საფუძველი, რაც შემდგომში ახალი ბრენდების შემოყვანასა და განვითარებაში დაგვეხმარა. რასაკვირველია, 2008 წელს არაერთი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით, მათ შორის ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, აგვისტოს ომი იყო, თუმცა მივხვდით, რომ განვითარება არ უნდა შეგვეწყვიტა და მაქსიმალური მობილიზაციით გავაგრძელეთ მუშაობა და სირთულეების დაძლევა“, - იხსენებს გიორგი ბასილაძე, კომპანიის დამფუძნებელი.

Collezione-ის შემდეგ, GTEX-მა სწრაფი ტემპებით ზრდა განაგრძო. შემოიყვანა ამერიკული ბრენდი Steve Madden, იტალიური სპორტული ბრენდი Lotto, OVS - იტალიიდან, შემდეგ - Penti, English Home და Enza Home. ამას მოჰყვა იტალიური Terranova და შემდეგ უკვე ბრიტანული Matalan. 2024 წლის აპრილში კი პორტფოლიოს დაემატა ფრანგული ბრენდი Kiabi, რომელზეც კომპანია დიდ იმედებს ამყარებს.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფუძნებისას დასახულ მიზნებს მივაღწიეთ და ალბათ გადავაჭარბეთ კიდეც. ჩვენ 2010 წელს იტალიაში ვიზიტისას, ერთ-ერთ ცნობილი ბრენდის მფლობელს შევხვდით და ვკითხეთ, თუ რამდენი ობიექტით იყვნენ წარმოდგენილები ქვეყნის მასშტაბით; მან გვითხრა, რომ - 10 ობიექტით. ეს რიცხვი იმ დროისთვის საოცნებო იყო და რთულად მიღწევადი გვეჩვენებოდა, რადგან, მხოლოდ ოთხი ობიექტი იყო ჩვენს მმართველობაში. ახლა კი, უკვე დაახლოებით 35 ფილიალი გვაქვს და გაჩერებას არ ვაპირებთ“, - ამბობს გიორგი ბასილაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის პარტნიორია საქართველოს ბანკი. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, GTEX-მა არაერთი პროექტი განახორციელა.

„საქართველოს ბანკს ჩვენს საქმიანობაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კომპანიის დაფუძნებიდან მალევე გავხდით საქართველოს ბანკის პარტნიორები და უკვე მრავალი წელია, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერ ურთიერთობას ვაგრძელებთ. ჩვენ თავიდანვე გვხიბლავდა ბანკთან თანამშრომლობა, ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფთ: ეს არის გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, სწრაფი ანალიტიკა, არაკონსერვატიული, პოზიტიური და მოქნილი მიდგომები. ერთად იმდენად ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომ, ალბათ, გაგვიჭირდება თითოეულის ჩამოთვლა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი წარმატებულია“, - ამბობს გიორგი ბასილაძე.

როგორც ვახსენეთ, GTEX-მა რამდენიმე თვის წინ ფრანგული ბრენდი Kiabi შემოიყვანა. პროექტის მხარდამჭერი ამჯერადაც საქართველოს ბანკია.

„ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ უფრო ფართო სეგმენტის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფრანგული ბრენდი Kiabi საქართველოში შემოვიყვანეთ. ამ პროცესს წინ უძღოდა მრავალწლიანი მოლაპარაკება ბრენდთან, რომელიც წარმატებით დავასრულეთ და შედეგად, 2024 წლის აპრილიდან ბრენდის პირველი მაღაზია უკვე საქართველოშია. მოლაპარაკების დასაწყისშივე ვფიქრობდით, რომ Kiabi იქნებოდა ლიდერი ბრენდი ხელმისაწვდომი ფასების სეგმენტში. მონაცემები, რომელსაც გახსნის დღიდან ვაკვირდებით და ვაანალიზებთ, გვაძლევს იმის მტკიცებულებას, რომ ჩვენი მოლოდინები და პროგნოზები რეალისტური იყო. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს ბრენდის განვითარება, რაც გულისხმობს არაერთი ფილიალის გახსნას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც“, - აღნიშნავს დამფუძნებელი.

ახლა კომპანიის სამომავლო მიზანი და განვითარების სტრატეგიაც სწორედ ახალი ბრენდების შემოყვანა და საშუალო ზომის კომპანიიდან დიდი ზომის კომპანიის საწყისებზე გადასვლაა. პარალელურად კი მუშაობა მიმდინარეობს როგორც მცირე, ისე ფართომასშტაბიან პროექტებზეც.

„გვსურს, მალე ბრუნვა 9-ციფრიან ნიშნულზე ავიყვანოთ და ობიექტების რაოდენობაც საგრძნობლად გავზარდოთ“, - ამბობენ GTEX-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები