გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლის ბოლოდან ახალი სისტემის ჩამოყალიბებას იწყებს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ადრეული შეტყობონებების სისტემის დანერგვას გულისხმობს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ სისტემის საშუალებით, რომლის მოსაწყობადაც საქართველომ 27 მილიონი დოლარის დახმარება მიიღო, ჰიდრომეტეოლოგიური თუ გეოლოგიური წარმოშობის სტიქიური უბედურებების შესახებ შესაბამის სტრუქტურებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.
"ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სახელმწიფოს მხრიდან რეაქციას ასეთი ტიპის რისკებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს სისტემა ავაწყოთ, ამისთვის 27 მილიონ დოლარიანი დახმარება მივიღეთ. 2019 წლიდან დაიწყება ასეთი ტიპის სადგურების განთავსება ყველა იმ რისკ წერტილებში სადაც პოტენციურად სტიქიური მოვლენების რისკი გვაქვს" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია რომ ახალი სისტემებისგან მიღებული ინფორმაციული ნაკადი ეფექტიანად იყოს მართული და სწორად გამოყენებული.
"მნიშვნელოვანია ყველა შესაბამის უწყებას ჰქოდნეს წვდომა ინფორმაციაზე და იცოდნენ როგორ გამოიყენონ შესაბამისი ინფორმაცია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში პირველი ეტაპი 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 7 წლის შემდეგ ქვეყანა სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლის დახმარებითაც მინისტრის განცხადებით შესაძლებელი იქნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე პასუხი.

























