მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„70% ონლაინ ვაჭრობის სექტორს ეხება“ - რაზე ჩივიან მომხმარებლები?

კონკურენციის სააგენტო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 31 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. ასევე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარის ოდენობით.

როგორც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ამათ ამაროვმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, განცხადების 88% თბილისზე მოდის. უმეტესად კი მომხმარებლები ონლაინ გზით შეძენილი ნივთის დაბრუნებას და გამოცვლას ითხოვენ.

„განცხადებების მიღება როგორც მოგეხსენებათ დაიწყო 2022 წლის 1 ნოემბრიდან და თუ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ იმ პერიოდის მაჩვენებლებს, ახლანდელი 4 თვის მონაცემების მნიშვნელოვნად აღემატება. 2022 წლის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ანუ 4თვეში სააგენტოში შემოვიდა 165 განცხადება, მიმდინარე წლის 4 თვეში კი გვაქვს 300 განცხადება. ჩვენ არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ და ამან გაზარდა როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის ინფორმირებულობა. მომართვიანობის 88% მოდის თბილისზე, მას მოჰყვება აჭარა, იმერეთი და კახეთი.

70% ეხება ონლაინ ვაჭრობის სექტორს, დანარჩენი ადგილზე ყიდვას, ძირითადად ეს არის საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორი, მერე მოდის ტრანსპორტის და მომსახურების სექტორები. უმეტესად მომხმარებლები ითხოვენ თანხის დაბრუნებას, ან დაზიანებული ნივთის შეცვლას. რაც შეეხება ბიზნესს, დიდი არ არის იმ მოვაჭრეების რიცხვი, რომლებიც არ თანამშრომლობენ სააგენტოსთან“, - განაცხადა ამათ ამაროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები