მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

700 ათასი დოლარის ინვესტიციით მცხეთაში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა

5854eeb5e4a76
BM.GE
17.12.16 12:06
2331
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, "ერთიანი აგროპროქტის" ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო, შპს "ინვეტ ფიდი" გახსნა.

კომპანია "სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში ჯამურად 700 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 350 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ კომპანიას საწარმოს მშენებლობისთვის 4,500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

„ინვეტ ფიდი“ სხვადასხვა ტიპის კონცენტრატსა და გრანულირებულ კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმო, რომელშიც 16 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 1400 ტონაზე მეტი კომბინირებული საკვების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. “ინვეტ ფიდი“ კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაამზადებს მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების საკვებს. სახელმწიფო პროექტების ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანად უწყობს ხელს რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში საერთაშორისო სტანდარტს HACCP მიიღებს. HACCP-ის სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 4550 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 50%-ის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები