საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობას იწყებს. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრიაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გულისხმობს. პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ შორის პარტნიორთა შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.
პარტნიორთა შეთანხმების ფარგლებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის ეკო ქალაქი - „თბილისი ეკო გრინ სითი“ აშენდება. საინვესტიციო გეგმებში შედის ასევე გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა „ ჯინო გრინ სითის“ შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად. ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სავადმყოფოს და ა.შ. 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.
„ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ სლოვაკურმა კომპანია „ჯინო ინვესტმა“ დააფუძნა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.
ქართულ-სლოვაკურ მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. „ჯინო ინვესტის“ მიერ საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სლოვაკეთში საქმიანი ვიზიტის დროს მონაწილეობდა. ფონდის ხელმძღვანელი სლოვაკეთში ბიზნეს, საბანკო, საფინანსო და საპროექტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.
სლოვაკი ინვესტორები საქართველოში ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს რეგიონები, მათ შორის რაჭა და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი „ჯინო გრინ სითის“ პროექტის განსახორციელებლად.
საპარტნიორო ფონდმა „ჯინო ინვესტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ნოემბერში გააფორმა.
„ჯინო ინვესტის“ ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს: ფონდმა ბიზნეს ჯგუფთან ერთად 2013 წელს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ გახსნა, რომელიც სამცხე - ჯავახეთის რეგიონში წარმატებით ოპერირებს. „ჯინო ინვესტის“ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტია ასევე „ჯინო ფერედაისი,“ აკვაპარკი, რომელიც ამიერკავკასიაში მიჩნეულია როგორც ყველაზე მასშტაბური გასართობი და სარელაქსაციო კომპლექსი. აკვაპარკის საინვესტიციო ვალდებულება 7 მლნ ევროს შეადგენდა, ხოლო ინვესტორის მხრიდან დაიხარჯა 30 მლნ ევრო. „ჯინო ინვესტმა“ ახლახანს მცხეთაში, სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ გახსნა. 22 ნომრიანი სასტუმრო განსხვავებული ინტერიერით, სპა და ველნეს მომსახურებით დამსვენებელს ულამაზეს ხედს სთავაზობს.