განათლების სამინისტრო 2019 წლის ბოლომდე 33 ათასამდე პრაქტიკოს პედაგოგს სტატუსის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.
რეფორმის ფარგლებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზაფხულსა და შემოდგომაზე ორ გამოცდას ჩაატარებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ისინი კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ, 2020 წლიდან სამინისტრო მათთან დროებით ხელშეკრულებებს გააფორმებს.
ამასთან, სპეციალური შეთავაზებით ისარგებელებენ საპენსიო ასაკის პედაგოგები. კერძოდ, 10 000-მდე საპენსიო ასაკის მასწავლებელს საშუალება ეძლევა 2-წლიანი ხელფასი ერთიანად აიღოს და ასევე ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით სიცოცხლის ბოლომდე.
„ჩვენმა შიდა კვლევამ აჩვენა, რომ ბუქების გამოყენება, რომელიც ეძლევა დაწყებით საფეხურზე ბავშვებს, ძალიან დაბალია. პრაქტიკულად მოსწავლეები არ იყენებენ მას, რადგანაც მასწავლებლებს არ აქვთ შესაძლებლობები და უნარები ამ ტექნოლოგიებით ისარგებლონ. აქედან წამოვიდა მასწავლებლების თემა. იცით, რომ 2015 წლიდან სქემა მოქმედებს, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელფასო გაუმჯობესების კუთხით, თუმცა შედეგები აჩვენებს, რომ სერტიფიცირებიდან 10 წლის შემდეგ გვყავს 33 ათასამდე პედაგოგი, რომელიც ისევ პრაქტიკოსია და მათი საშუალო ანაზღაურება 450 ლარია.
21 000-მდე პედაგოგს არ აქვს არცერთი გამოცდის მიმართულებით შედეგი ნაჩვენები, მათგან კი, 10 000-ზე მეტია საპენსიო ასაკის. ორ გზას ვთავაზობთ ყველა ამ პედაგოგს, რომ 2019 წელი გამოიყენონ სტატუსის გაუმჯობესებისთვის. ჩატარდება ორი გამოცდა ზაფხულში და ასევე დამატებით შემოდგომაზე, რომლის შედეგების მიხედვით, მხოლოდ საპენსიო ასაკის პედაგოგებს, წლის ბოლომდე ექნებათ საშუალება დააფიქსირონ სურვილი და მიიღონ ჯილდო 2 წლის ხელფასის ოდენობით და ისარგებლონ სიცოცხლის დაზღვევით სიცოცხლის ბოლომდე მიუხედავად შედეგებისა, რასაც გამოცდაზე აიღებენ. ასევე თუ ზაფხულის გამოცდის მერე არ იქნებიან კმაყოფილი, მათ შევთავაზებთ უფასო ტრეინინგებს საჭიროებიდან გამომდინარე“, განმარტა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.
ცნობისთვის: 2019 წლის სექტემბრიდან 25 000-მდე უფროსი, წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე პედაგოგს ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდება. 2022 წლამდე კი, უწყება საშუალო ხელფასის 1500 ლარამდე ზრდას აანონსებს.

























