საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისის თვეში, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
სააგენტოს ინფორმაციით, გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს - შპს „ექსელ ელექტრონიქსს“, შპს „აითრეიდერის“, შპს Delfos Group-ს, შპს „აისტაილის“, შპს „სელენე“-ს, შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას“, შპს „ნიუ_ოპტიკა + - 20“-ს და მოვაჭრე ელზა წულაიას დაევალათ:
- გამოასწორონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ;
- მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდონ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
- უზრუნველყონ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
- ჩამოაყალიბონ კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
- შეიმუშაონ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი და ა.შ.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.