ყველა საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს დაწერილი სახელმძღვანელოები შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კლასის ყველა მოსწავლე ერთი და იგივე პრინციპით და გემოვნებით მომზადებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან - ამის შესახებ ორი დღის წინ ოცნების განათლების მინისტრმა დაანონსებული ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განაცხადა. გივი მიქანაძე ამბობს, რომ რეფორმა 2024 წელს მიღებულ "ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს" ეფუძნება და ამ ეროვნულ მიზნებშია თურმე სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვა, I-VI კლასებში სავალდებულო სასკოლო ფორმების დაბრუნება, „რეპეტიტორიუმი“ XI კლასში და არჩევითი XII კლასი.
რას ნიშნავს რეპეტიტორიუმი - მიქანაძემ განმარტა, რომ მე-11 კლასი უნდა გახდეს „პროფილური“ და მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რაც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, ანუ ეს იქნება ერთწლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რაც მათი შეფასებით, რეპეტიტორების საჭიროებას გამორიცხავს და შესაბამისად მშობლებზე ფინანსური წნეხის შემცირების წინაპირობა გახდება.
რა ხდება მეთორმეტე კლასში - ის გახდება ნებაყოფლობითი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს და მოთხოვნის შესაბამისად გაიხსნება სპეციალური კლასები ამ ბავშვებისთვის. სკოლები 11 წლიან სწავლებაზე 2027 წლიდან გადავლენ.
დამატებითი კომპონენტია ის, რომ მაგ. სკოლები უნდა იყოს სახლთან ახლოს -საყოველთაო რეგისტრაციის გარდა, იგეგმება შემოიღონ ახალი, დამატებითი სარეგისტრაციო ეტაპი რომელიც ამ მანძილს განსაზღვრავს.
ბრუნდება წესი, რომლის მიხედვითაც სკოლაში შევლენ მხოლოდ ის მოსწავლეები, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ. იმის გარდა, რომ თავად დაწერენ სახელმძღვანელოებს გვითხრეს, რომ არაფორმალურ განათლებას უნდა მიექცეს ყურადღება, იქნება პროექტები საპატრიარქოსთან და თავდაცვის სამინისტროებთან ერთად.
ოცნებაში ფიქრობენ, რომ დღეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდების სრულფასოვნად აღზრდას და შემოთავაზებული მოდელით ეს მიღწევადი გახდება. რას შეცვლის რეალურად დაანონსებული ცვლილებები?
სტუმრები: მანანა რატიანი - მოძრაობა “ქართული განათლება საფრთხეშია” წარმომადგენელი, განათლების სპეციალისტი;
გიორგი ჭანტურია - "განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორი;
ალუდა გოგლიჩიძე - მოძრაობა მერიტოკრატიის დამფუძნებელი;
როლანდ შავაძე - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებული


































