დასაქმების პორტალ HR.ge-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში (იანვარ-აგვისტო) საქართველოს შრომის ბაზარზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით, 32 600-მდე შემცირდა.
როგორც hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორი ინგა შახბაზიანი აცხადებს, ვაკანსიების კლების ტენდენცია თითქმის ყველა თვეში აღინიშნებოდა, გარდა თებერვლისა და მაისისა. განსაკუთრებით პასიური აღმოჩნდა ზაფხულის სეზონი — ივლისში 7%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო აგვისტოში 6 000-მდე ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წლიურად ასევე კლებაა.
სექტემბერში, სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, აქტივობის ზრდა იგრძნობა (დაახლოებით 15%-იანი მატება), თუმცა შრომის ბაზარი ჯერ კიდევ ჩამორჩება პროგნოზირებულ 30%-იან ზრდას.
“თითქმის ყოველ თვეს გვქონდა კლება ვაკანსიების ჭრილში, გარდა თებერვლისა და მაისის თვისა. დანარჩენ თვეებში ყველგან იყო მცირედი კლება და ჯამში მოგვცა 3%-იანი კლების სურათი.
რაც შეეხება უშუალოდ ზაფხულის პერიოდს, ზაფხული საკმაოდ პასიური არის ხოლმე, განსაკუთრებით ეს ივლის-აგვისტოს თვეს ეხება, თუმცა წინა წელთან შედარებით წლევანდელი ივლისი ბევრად უფრო პასიური აღმოჩნდა. დაახლოებით ამ თვეს თუ შევადარებთ წინა წლის ივლისს, 7%-იანი კლებით ვიყავით წარმოდგენილი.
რაც შეეხება უშუალოდ აგვისტოს თვეს — ჯამში აგვისტოში დაახლოებით 6 000-მდე განცხადება განთავსდა. წინა წლის აგვისტოს 6 300 ვაკანსია იყო განთავსებული, აქაც კლება აღენიშნებოდა.
ახლა სექტემბერს რაც შეეხება — ჯერ იტყვი, რომ სექტემბერი, პრინციპში, მომატება არის, რა თქმა უნდა, ვაკანსიების რაოდენობის ჭრილში იგრძნობა ეს მატება, მაგრამ უშუალოდ ის მოლოდინი, რაც გვქონდა, ჯერჯერობით არ გვაქვს. დაახლოებით მოლოდინი წინა წლების სტატისტიკიდან გამომდინარე იყო ის, რომ აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში დაახლოებით 30%-ით იზრდება ხოლმე ვაკანსიების რაოდენობა. ჯერჯერობით ტრენდი დაახლოებით 15%-იანი ზრდით არის წარმოდგენილი”,-აცხადებს შახბაზიანი.
მისი თქმით, ვაკანსიების ლიდერად კვლავ გაყიდვების სექტორი რჩება (22%). მეორე ადგილზეა HoReCa (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) 15%-ით, სადაც გასულ წლებთან შედარებით მცირე კლება შეინიშნება. ამასთან გააქტიურდა საბანკო სექტორი (9%), ადმინისტრაციული ვაკანსიები 12%-ს შეადგენს, ხოლო სამედიცინო სფერო — 8%-ს.
hr.ge-ზე მკვეთრად შემცირდა IT მიმართულების ვაკანსიები. თუ პანდემიის შემდეგ ეს სფერო ტოპ-ხუთეულში შედიოდა (7-8%), დღეს მისი წილი ჯამურ განცხადებებში მაქსიმუმ 2-3%-ია, რასაც სააგენტოს წარმომადგენელი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების აქტიურ დანერგვას უკავშირებს.
























