მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

82 მლნ „ბიზნეს სახლისთვის“ - პროექტი გადაიფიქრეს, ფული კი ბანკებში ისევ დეპოზიტზე დევს

5fa4127ba1985
ინგა მურუსიძე
05.11.20 19:40
1456
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსებული „ბიზნეს სახლის“ პროექტის განხორციელება რომ „ოცნების“ შემდეგმა პრემიერებმა გადაიფიქრეს, ამაზე bm.ge ჯერ კიდევ შარშან წერდა.  აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობამ პროექტზე უარი მაშინ თქვა, როცა უკვე ბიზნეს-სახლისთვის შენობის ძირითადი კონსტრუქცია აშენებული იყო, რაშიც 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა ეს არაა სრული თანხა, რაც ბიზნეს სახლისთვის გამოიყო.

2017 წლის ბოლოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 82 მლნ ლარი გადაურიცხა, რომელიც ამ დრომდე სხვადასხვა კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე დევს და სარგებელი ერიცხება.

უკვე მეოთხე წელია, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, Bm.ge ინტერესდება, ხომ არ მოუძებნეს ფუნქცია გადასახადების გადამხდელების 82 მილიონს და სარგებელი დაერიცხა მას. ირკვევა, რომ პანდემიის მიუხედავად, როცა მთავრობას მილიარდობით ახალი ვალის აღება მოუწია, თავისუფალ 82 მილიონს მაინც არ ხარჯავენ.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ოფიციალური წერილის პასუხად მოგვწერეს, თანხა კვლავ სხვადასხვა ბანკებში დეპოზიტებზეა განთავსებული. კერძოდ, 82 მლნ ლარი 10%-11%-ში განთავსებულია „ტერაბანკში“, „თიბისი ბანკში“, ფინკა ბანკში“,„ლიბერთი ბანკში“, „ვითიბი ბანკსა“ და „ბაზის ბანკში“.

ამასთან, ფონდში გვითხრეს, რომ დღეისთვის, აღნიშნულ დეპოზიტებს საპროცენტო სარგებლის სახით 15.7 მლნ ლარი დაერიცხა.

„აღნიშნული თანხები წარმოადგენს სახელმწიფო სახსრებს და მოხმარდება ფონდის მიერ განსახორციელებელ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტის დაფინანსებას, რაც ასევე, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით მიიღება“, - განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

საინტერესოა ისიც, რომ მართალია „ბიზნეს სახლი“ ფიზიკური ფორმით არსებობაზე მთავრობამ ოფიციალურად უარი ჯერ კიდევ შარშან თქვა, მაგრამ ფონდიდან გვწერენ, რომ “ბიზნეს სახლის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება დაწყებულია, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტივების მართვის კომპანია”.

ცნობისთვის: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2019 წელს bm.ge-ის განუცხადა, რომ „ბიზნეს სახლის“ პროექტი პირველადი სახით არ განხორციელდება, ხოლო შენობა, რომელიც მისთვის აშენდა, სხვა ფუნქციას მოუძებნიან. ნათია თურნავა იმასაც ამბობდა, რომ ბიზნესს ვირტუალურ "ბიზნეს სახლს" შესთავაზებდნენ, მაგრამ მსგავსი სერვისი ამ დრომდე არაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები