84 მომხრე, 30 წინააღმდეგი- რუსული კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. მესამე მოსმენით საკითხის განხილვა დღეს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოსმენით კანონპროექტის წარდგენა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს, მის გრამატიკულ ჩასწორებას ითვალისწინებს, საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, თავად განხილვის პროცესს 2 წუთი დასჭირდა. "მხარი დაუჭირეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და გამჭვირვალობას", - მიმართა კენჭისყრამდე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს. პროცედურის თანახმად, ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და კვლავ პარლამენტს დაუბრუნებს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კანონპროექტს, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში