მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 წელში ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასისთვის ₾2,3 მლრდი გაიცა - კვლევა

ანაზღაურება

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2022 წლებში ჯამში გაიცა დაახლოებით 16,8 მლრდ. ლარის ოდენობის ხელფასი, მათ შორის, შტატგარეშეებზე 2,3 მლრდ. ლარი - ასეთია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ,,ევროოპტიმისტების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი.

კვლევის ავტორები წერენ, რომ მიზანი იყო საქართველოში არსებული ბიუროკრატიული აპარატის სიდიდისა და მასზე გაწეული დანახარჯების შესწავლა, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების დადგენა.

"ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2022 წლებში ჯამში გაიცა დაახლოებით 16,8 მლრდ. ლარის ოდენობის ხელფასი, მათ შორის, შტატგარეშეებზე 2,3 მლრდ. ლარი. იმავე პერიოდში ერთი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საშუალოდ შეადგენს 13 მლრდ. ლარს. ანუ, ამ ცხრა წლის განმავლობაში გაცემული შრომის ანაზღაურება აღემატება ერთი წლის საშუალო ბიუჯეტს. თვალშისაცემია, შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. 2013-2022 წლებში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ (ყოველწლიურად) იზრდება 19%-ით, მაშინ, როდესაც შტატიანების ხელფასები იზრდება 5%-ით. ეს ყოველივე დასტურია იმისა, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე შტატიანების, რაც შეიძლება ნეპოტიზმითა და პოლიტიკური კორუფციით იყოს გამოწვეული. 2022 წელს 2013 წელთან შედარებით შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასები 348 მილიონი ლარითაა გაზრდილი, 2015 წელთან და 2018 წელთან შედარებით კი შესაბამისად 284 მილიონი ლარით და 221 მილიონი ლარით" - წერია კვლევაში.

ასევე, კვლევაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2022 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 18 470-ით, ხოლო შტატიანების კი შემცირებულია. საყურადღებოა 2022 წელი, ვინაიდან სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, მნიშვნელოვნად, 9 969 ადამიანით, აქედან 7 745-ით გაიზარდა შტატგარეშეები და 2 224 - ით შტატიანები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები