კონცეპტის პირველადი წარდგენიდან თითქმის ცხრა წლის შემდეგ, Tesla-მ ელექტროსატვირთო Semi-ს პირველი სერიული პარტიის მომხმარებლებისთვის მიწოდება ოფიციალურად დაიწყო. პარალელურად, კომპანიამ ნევადის შტატში, სპარქსში, სატვირთოების სპეციალიზებული ქარხნის გახსნა საზეიმოდ აღნიშნა.
Tesla-ს განცხადებით, ახალი საწარმოს წლიური სიმძლავრე 50 000 ერთეულს (კვირაში დაახლოებით 1 000 სატვირთოს) შეადგენს, თუმცა კომპანიას ოფიციალური საბოლოო ფასები და მიმდინარე წარმოების ზუსტი მოცულობები არ დაუზუსტებია.
წინასწარი ინფორმაციით, 500 მილის (დაახლოებით 805 კმ) სვლის მარაგის მქონე Long Range ვერსიის ღირებულება მომხმარებლებისთვის 290 000 აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება 2017 წელს დაანონსებულ 150 000–180 000 -დოლარიან ნიშნულს, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად იაფია დასავლურ ალტერნატივებზე. მაგალითად, Volvo Trucks-ის FH Electric-ის ფასი 450 000 აშშ დოლარს აჭარბებს.
ქარხნის ტერიტორიაზე Tesla-მ უკვე გამოფინა პარტნიორი კომპანიების ბრენდირებული სატვირთოები. მათ შორის არიან PepsiCo, DHL, US Foods, ArcBest, Einride, IMC Logistics, WattEV და OK Produce.
სერიულ წარმოებაში ჩაშვებული Semi ორ კონფიგურაციაშია ხელმისაწვდომი: Standard Range: სვლის მარაგი 325 მილი (523 კმ); და Long Range: სვლის მარაგი 500 მილი (805 კმ). ორივე მოდელის მონაცემები გათვლილია სრულ, დაახლოებით 37.2 ტონა მთლიან მასაზე და აღჭურვილია 800 კილოვატიანი სამძრავიანი სისტემით. Tesla-ს ინჟინრების განცხადებით, შედარებით მსუბუქი ტვირთის პირობებში (დაახლოებით 27 ტონა) სვლის მარაგი შესაძლოა 965 კმ-მდე გაიზარდოს.
822 კვტ/სთ მოცულობის ბატარეის ფონზე, ძირითად გამოწვევად კვლავ დამტენი ინფრასტრუქტურა რჩება. Tesla-ს Megacharger სისტემას 1.2 მეგავატამდე სიმძლავრის მიწოდება შეუძლია. წლის ბოლომდე კომპანია 30-ზე მეტი სპეციალური სადგურისა და 200-ზე მეტი მაღალსიმძლავრიანი დამტენის ექსპლუატაციაში შესვლას გეგმავს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მონაცემებით, ბატარეის 3%-იდან 60%-მდე დამუხტვას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. Tesla აცხადებს, რომ ავტოპარკის გამართულობის მაჩვენებელი (uptime) 98%-ს აჭარბებს, რაც აღემატება დიზელის სატვირთოების ინდუსტრიულ სტანდარტს (90–95%).
მთავარ კითხვად კვლავ რჩება რეალური წარმოების ტემპი. Tesla-მ მასობრივი წარმოების დაწყების ვადა 2026 წლისთვის გადასწია, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის მიაღწევს ქარხანა 50 000-იან წლიურ ნიშნულს. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, 2026 წელს მიწოდებული სატვირთოების რაოდენობა 5 000-დან 15 000 ერთეულამდე მერყეობს.























