მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში მთავრობას იმუნიზაციისთვის 3.3 მლნ ლარი უნდა დაეხარჯა, 8 თვეში ათვისებულია 28%

616e6cec4a3de
დავით ჯალაღონია
20.10.21 11:55
618
საქართველოს მთავრობა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირების ანუ იმუნიზაციისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს დაბალი ტემპებით ითვისებს.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს იმუნიზაციისთვის გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი, აქედან 9 თვის დაზუსტებული გეგმით 3 მლნ 277 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს, თუმცა 8 თვის მონაცემებით, მხოლოდ 909 ათასი ლარია ათვისებული. ეს გეგმის 28%-ია.

აღნიშნული მიმართულებით თანხების ათვისების დაბალი მაჩვენებლის გამო, აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს განმარტებების მისაღებად მიმართა.

"ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ათვისების დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია წლის პირველ ნახევარში ვაქცინაციის დაბალი ინტენსივობით. ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ინსპექტირებისთვის საჭირო ვადების გამო მომსახურების გაწევის და ფაქტობრივად ანაზღაურების დროში აცდენით", - წერს აუდიტის სამსახური 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 8 თვის შესრულების ანგარიშში.

დეტალური განმარტების მისაღებად BMG–მ კითხვით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული 12 მილიონი ლარი აცრის ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი და აქ იმუნიზაციის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ხარჯები გათვალისწინებული არ არის.

"ბიუჯეტი მიყვება შესრულებულ ვაქცინაციას. ის, რაც არის ასახული ბიუჯეტის შესრულებაში, არის ვაქცინაციის ვიზიტებისთვის გადახდილი ანაზღაურება. ბიუჯეტი დაითვალა 60%–იან მოცვაზე და გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე ეს მოცვა არ არის, ბუნებრივია, ეს მიყვება პარალელურად იმ შესრულებას, რაც პროგრამის ფარგლებში იყო.

ეს იყო ექსკლუზიურად თანხა აცრის ვიზიტებისთვის – მათ შორის 4 ლარი არის განსაზღვრული ერთი ვიზიტისთვის და 7 ლარი – მობილური ვიზიტისთვის", – განაცხადა გაბუნიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, თუმცა დღეის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.6%.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვითვე, დღეში 40 000 ვაქცინა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში დღიურად მხოლოდ 10 ათასამდე ადამიანი იცრება.

იმუნიზაციის დაბალ ტემპზე განმარტებები გუშინ, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტზე დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან თამარ გაბუნიასგან მოითხოვეს, რომელმაც სამი ძირითადი მიზეზი დაასახელა, მათ შორის ერთ–ერთი საინფორმაციო უზრუნველყოფაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები