საქართველოში 9 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 3.9 მლნ შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის, - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში დედაქალაქში 1 876 456 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი შემთხვევების დაახლოებით 47.7%-ია.
რეგიონებს შორის დარღვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც 573 980 შემთხვევა აღირიცხა. მას აჭარა მოსდევს 428 002 შემთხვევით. ქვემო ქართლში - 251 025, შიდა ქართლში კი 246 094 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
დანარჩენ რეგიონებში სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 163 156, მცხეთა-მთიანეთი – 117 147, კახეთი – 115 234, გურია – 87 213, სამცხე-ჯავახეთი – 76 400, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 476 შემთხვევა.
დარღვევების სახეებს შორის ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბება და გაჩერება-დგომის წესების უგულებელყოფა ფიქსირდება. კერძოდ, 9 თვეში სიჩქარის გადაჭარბების 1 420 387 და გაჩერება-დგომის წესების დარღვევის 885 565 შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლას, პრიორიტეტის ნიშნების მოთხოვნების დაუცველობას, გასწრებისა და გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევას, ჯამურად 145 968 მსგავსი შემთხვევა აღირიცხა.
























