დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა სადაზღვევო სექტორის 2025 წლის 9 თვის მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, წელს 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა სამოგზაურო დაზღვევაზე 12.1 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოზიდული პრემია 600 ათასი ლარით არის გაზრდილი.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია ჯამში 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 მილიარდ 98 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება 2 მლნ ლარით არის შემცირებული. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს.




























